25-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა.
ბახტაძის თქმით, მეზღვაურობა ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა და დაკავშირებულია დიდ გამოწვევებსა და საფრთხეებთან.
„დღეს წილად მხვდა პატივი, მიმელოცა მეზღვაურთათვის მათი პროფესიული დღე.
მეზღვაურობა ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა და დაკავშირებულია დიდ გამოწვევებსა და საფრთხეებთან, ამიტომაც ძალიან საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევიან.
დღეს, საქართველოს საზღვაო სასწავლებლების ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ნაოსნობაში სიმბოლურად გავუშვით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემი “კადეტი”. საქართველო ყალიბდება, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბი, ხოლო ამ პროცესში აუცილებელია, როგორც სახმელეთო ინფრასტრუქტურის, ასევე საზღვაო მიმართულების მაქსიმალური ხელშეწყობა და განვითარება.
კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ უსაფრთხო ნაოსნობას“- განაცხადა ბახტაძემ.