9-05-2022
საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ის არის ჩვენი, ქართველი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2014 წელს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას, რასაც მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები.
„პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კარლ ჰარცელს, დღევანდელი დღისთვის, მოწვევისთვის. მე სიამოვნებით ვუერთდები დღევანდელ დღეს და კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ 77 წელია, აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საქართველოში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით. მე მინდა გავიხსენო ძალიან ბევრი ქართველის დამსახურება ფაშიზმზე გამარჯვებისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, 77 წლის შემდეგ, ევროპის შუაგულში, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში.
საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვტილება, არამედ ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის არჩევანი.
2014 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები, როგორიც არის უვიზო რეჟიმის ამოქმედება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მარტის თვეში უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. კიდევ ვიმეორებ - რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და, რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის.
შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო ამ გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას. ჩვენ, ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც ჩვენ არასდროს გადავუხვევთ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და მთლიან ევროპას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ევროპის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიება კინოთეატრ „ამირანში" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ევროპის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში რეჟისორ გიორგი ქველიძის ფილმის „მე და ევროპა" ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
16-11-2024
16-11-2024