10-05-2022
აშშ - ში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის ექსპორტ - იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ჯუდიტ ფრაიორს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, ლიბერალურ ბიზნე გარემოსა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ საგადასახადო რეჟიმზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში.
აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება აშშ - დან ინვესტიციებს, რომლებმაც თავის დროზე დიდი წვლილი ითამაშეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - 1997 წლიდან მოყოლებული საქართველოში 1.8 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა არსებობს მეტი პოტენციალი.
აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს მეტი ინვესტიციის მიღებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი და სხვ.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრიორიტეტულ პროექტზე. მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა, მეტი დაინტერესება გამოიჩინონ საქართველოში 5 G ტექნოლოგიის დანერგვის მხრივ.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიქმნა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და მათი დაძლევის გზებზე.
16-11-2024
16-11-2024