25-06-2018
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - გავხსენით აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რომელიც ამავე დროს ისტორიული “აბრეშუმის გზის” შემადგენელი ნაწილია. დღეიდან სატრანზიტო მოძრაობა ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან ამ ახალ გზაზე გადაერთვება და დასავლეთისკენ მოძრავი ტრანსპორტისთვის უფრო მარტივი გახდება მგზავრობა, რაც უზარმაზარი შეღავათია მგზავრებისთვის“-ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ქობულეთში ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნისას გააკეთა.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ ზონაში იქმნება სრულიად ახალი რეალობა - ეს გზა გაზრდის სატრანზიტო -სატრანსპორტო მიმოსვლას ქვეყანაში და, რაც მთავარია, მინიმუმ 20-30 წუთით შეამცირებს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გზების უსაფრთხოების კუთხით ვაგრძელებთ მუშაობას და ეს მონაკვეთიც ამის ნათელი მაგალითია.
მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს პროექტის დაფინანსებისთვის და, რაც მთავარია, მადლობას გიხდით მშენებლებს - სწორედ თქვენი დიდი შრომის შედეგია ამ მასშტაბური სამუშაოების დადგენილ ვადაში წარმატებით შესრულება“-განაცხადა პრემიერმა.