გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიალაბის სტარაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი" იწყება

11-05-2022

ციფრული მედიის სფეროში ინოვაციური ბიზნესიდეების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, კომუნიკაციების კომისიის „მედიალაბმა" სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი" მეოთხედ გამოაცხადა. მედიალაბის მიზანი პოტენციური სტარტაპერების აღმოჩენა და მათთვის იდეების რეალობად ქცევაში დახმარებაა. კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო სტარტაპიდეები გამოვლინდება, რის შემდეგაც გამარჯვებული გუნდები ერთი კვირის განმავლობაში ტრენინგებს გაივლიან. შერჩეულ გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა მომავალი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა მიიღონ და საკუთარი სტარტაპიდეები გლობალურ ბაზარზე გასატანად მოამზადონ.


კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსანტები იდეების მიხედვით შეირჩევიან, გაივლიან ინტენსიურ მომზადებას და პროექტებს ჟიურის წევრებს წარუდგენენ. „იდეადრომის" საპრიზო ფონდი 10 000 ლარია. „იდეადრომზე" რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 მაისია. შერჩეულ ხუთ გუნდს 23-დან 27 მაისამდე პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარდება.


კონკურსში მონაწილეობისთვის ორ-სამ კაციანმა გუნდებმა უნდა მოამზადონ ვიდეოპრეზენტაცია, სადაც არსებული გლობალური პრობლემის ინოვაციურ გადაწყვეტას წარმოადგენენ. იდეა, რომლის განხორციელებაზეც იდეადრომის ფარგლებში იმუშავებენ, შემდეგ თემებს უნდა მოიცავდეს: ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება, საგანმანათლებლო გეიმინგი, ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა ან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.


შერჩეული გუნდები „მედიალაბში" ერთი კვირის განმავლობაში მენტორებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა სტარტაპ იდეის ვალიდაცია, გუნდის მართვა, გადაწყვეტის ვალიდაციის სტრატეგიები, პროტოტიპირება და პროდუქტის ტესტირების მეთოდები, მარტივი ფინანსები სტარტაპებისთვის, იდეისთვის შესაფერისი ბიზნეს მოდელის შერჩევა, იდეალური პრეზენტაციის აწყობა და წარდგენა. ყველა ტრენინგი პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს, რაც სტარტაპერებს მისცემს შესაძლებლობას მიღებული ცოდნა ადგილზე აქციონ რეალურ გამოცდილებად.


კონკურსი „იდეადრომი" წარმატებით უკვე სამჯერ ჩატარდა. ეს არის კონკურსი სტარტაპერებისთვის, სტარტაპიდეიდან რეალურ შესაძლებლობამდე. „იდეადრომის" გამარჯვებულებმა წარმატებას უკვე მიაღწიეს. კონკურსის მონაწილე გუნდებიდან სოციალურმა ქსელმა, Bubbler-მა, არიზონის შტატის უნივერსიტეტი დააინტერესა და პროდუქტი სატესტო რეჟიმში სწორედ იქ გაუშვა. დამატებით, პროექტმა GITA-ს 15 000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა.


Side Mision-მა მცირე დაფინანსება მოიპოვა პროდუქტის განვითარებისთვის. FeedbacKit-ი პოლონეთში გაემგზავრა საერთაშორისო ინვესტორებთან შესახვედრად, კიდევ ერთმა გუნდმა „იდეადრომზე" წარდგენილ სტარტაპზე მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ სხვა საქმე წამოიწყო და ბაზარზე მათი პროდუქტი უკვე იყიდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031