11-05-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, 13 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
არარეგისტრირებული სახერხი საამქროები მოქალაქეებს იმერეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.
უკანონო 7 სახერხი საამქრო გამოვლენილია დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ზესტაფონის, წყალტუბოს, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. ზესტაფონში, სოფელ ბოსლევში, მოქალაქეს საამქროს ტერიტორიაზე 4 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. წყალტუბოში - თხმელის (მურყანი) სახეობის 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 3 ერთეული დაუფირნიშებელი მორი. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში კი - 1 ერთეული წაბლის სახეობის მორი და 0,2 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს დაბა სურამსა და ხაშურის მუნიციპალიტეტში. დაბა სურამში მოქალაქეს საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 2 ერთეული წაბლის სახეობის დაუფირნიშენელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), სოფელ ალში კი, საამქროს ტერიტორიაზე - 2 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მორი.
2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმაც. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოში, მოქალაქეებს, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ნახუნაოში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს ასევე განთავსებული ჰქონდა 4 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობისა და 1 ერთეული აკაციის სახეობის დაუფირნიშებელი მორი, ასევე - 0,1 კუბური მეტრი მოცულობის თხმელის (მურყანი) სახეობის ფიცარი.
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1 უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი დედაქალაქშიც. დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გლდანის რაიონში გამოავლინეს.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
16-11-2024
16-11-2024