გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და რეგიონებში 17 პირი დააკავეს - მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი

11-05-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისში, აჭარასა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია.

1996 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ რ.ფ.-ს, 1984 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ე.ა.-ს, 1981 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, 1986 წელს დაბადებულ ი.თ.-ს, 1996 წელს დაბადებულ თ.მ.-ს, 1974 წელს დაბადებულ ვ.ბ.-ს, 1981 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს: 1984 წელს დაბადებულ ჰ.კ.-ს და 1986 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ.


დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ი.დ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ჩ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ა.მ. და 2002 წელს დაბადებული დ.კ.


1985 წელს დაბადებულ, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ც.ღ.-ს, 1976 წელს დაბადებულ ვ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ რ.გ.-ს კი ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.


დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.


მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.


ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ვ.ბ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2945 აბი ნარკოტიკული საშუალება “ტრამადოლი”, 2586 აბი ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”, სარეალიზაციოდ გამზადებული და 71 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, “გეკოს” სისტემის იარაღი, ხელყუმბარა, 305 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 მჭიდი.


ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ თბილისში კიდევ ერთი დაკავებული პირი – ა.მ. ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. იგი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დედაქალაქის კონკრეტულ უბნებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებას. პოლიციამ ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, 10 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო.


ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები – ჰ.კ. და მ.ნ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ვიდეოგადაღება. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.


იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისათვის მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისში დააკავეს.


აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა დ. კ.-მ, შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკი ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა. სამართალდამცველებმა დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.


აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი ბათუმში, ბრალდებული ც.ღ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინსა“ და “ბუპრენორფინს” შეიცავს.

რაც შეეხება ი. დ.-ს და ს.ჩ.-ს, აჭარის პოლიციამ მათ მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 23 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა, ი.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 312 ერთჯერადი გამოყენების შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი სითხით.


კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს რ.ფ.-სა და ე.ა.-სგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული.


კახეთის პოლიციის მიერ კიდევ ერთი დაკავებულის – რ.გ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.


დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-8 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031