12-05-2022
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
„მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე.
მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს.
საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების, მათ შორის უკანონო დაკავებების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და მწვავედ განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024