გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The Washington Post»(აშშ): რატომ დაგვიანდა „სტრაიკერების“ დაბრუნება საქართველოდან გერმანიაში; მოახერხებს თუ არა რუსეთთან ომის შემთხვევაში ამერიკა სწრაფ რეაგირებას?

26-06-2018

"ამერიკელი სამხედრო ხელმძღვანელები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ თუ რუსეთთან კონფლიქტი მოუწევთ, მათი მსოფლიოში უძლიერესი არმია ევროპის „საგზაო საცობებში“ გაიჭედება. აბა, წარმოიდგინეთ: საარმიო „ჰამერები“ ნელი სვლით მიდიან ვიწრო გზებზე, ბევრი ხიდი ძველია და დაჟანგებული - შეიძლება ამერიკული ტანკების წონას ვერ გაუძლონ და ჩაინგრეს. გარდა ამისა, ჯარების გადასროლა შეიძლება მესაზღვრეებმაც დააბრკოლონ და ჯიუტმა სარკინიგზო კომპანიებმაც"-ასე იწყება გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The Washington Post»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მაიკლ ბირნბაუმის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


ომის გამოცხადების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრი ბარიერი მოხსნილი იქნება, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე შექმნილი გაურკვევლობა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს გააჩენს. ნატოს რუსეთის საზღვრებთან ახლოს მცირე ძალები ჰყავს და როცა საჭირო იქნება, რეზერვს (დამხმარე ძალას) ასობით კილომეტრზე გადაადგილება მოუწევს. ისე გამოდის, რომ ბიუროკრატიული ბარიერების, სუსტი დაგეგმვისა და მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, ამერიკელი სამხედროები ბრძოლაში ჩაბმას დააგვიანებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანამ ისინი გერმანია-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთისათვის აუცილებელ 17 ფორმულიარს შეავსებენ, რუსეთი მთელ ბალტიისპირეთს დაიკავებს.


ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი სამხედრო-სასწავლო თამაშის დროს, რომელიც ევროპულ თეატრში რუსეთის წინააღმდეგ ჩატარდა, ლოჯისტიკური პრობლემების გამო ნატომ „ომი“ წააგო. ასეთი დამარცხების ალბათობა სრულიად რეალურია იმ არმიისათვის, რომელიც სამხედრო წრთვნების დროს ევროპაში გადაადგილდება და სადღაც „იჭედება“. ასე მოხდა აშშ-ის სახმელეთო ჯარების ბატალიონს, რომელიც გასულ წელს თავისი საბრძოლო მანქანების „სტრაიკერების“ გაყვანას საქართველოდან გერმანიაში რკინიგზის მეშვეობით ცდილობდა: როგორც ბატალიონის მეთაურმა, ლეიტენანტ-კოლონელმა [ვიცე-პოლკოვნიკმა] ადამ ლეკიმ განაცხადა, დაგეგმილი იყო ტექნიკის გაყვანა ორ კვირაში, სინამდვილეში კი ოთხ თვეში ძლივს მოხერხდა. ამის გამო გერმანიაში დისლოცირებული ჯარები საშტატო საბრძოლო ტექნიკის გარეშე დარჩნენ.


„ჩვენ რომ ეფექტურად შემკავებელი ძალა გავხდეთ, მაშინ რუსეთის ჯართან შედარებით უფრო უფრო სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა სარდალმა ბენ ჰოჯესმა, რომელმაც შეძლო, რომ ნატოს ივლისის სამიტის დღის წესრიგში აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ჯარების მობილურობის საკითხი შეეტანა.


თავდაპირველად ნატოს ბლოკის მიზანი იყო თავდაცვითი ბრძოლების წარმოება რუსეთთან სავარაუდო ომის შემთხვევაში. ალიანსის ჯარები რეგულარულად ატარებდნენ წრთვნებს და მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისათვის ემზადებოდნენ... მაგრამ 1991 წლიდან დაწყებული, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, დასავლელმა სტრატეგებმა ყველა თავიანთი საომარი სცენარები ნაგვის ურნაში მოისროლეს და მოსკოვთან თანამშრომლობის იმედით განეწყვნენ. შესაბამისად, 1990-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნატოში მიღების დროს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ახალი წევრების უსაფრთხოების დაცვის გეგმები არ ჰქონდა.


რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გადადგმულმა აგრესიულმა ნაბიჯებმა და ყირიმის მიტაცებამ ნატოელი სტრატეგოსები შეაჯანჯღარა და გამოაფხიზლა - მათ ნაგვის ურნებში გადაყრილი ცივი ომის დროინდელი სამხედრო გეგმების უკან ამოღება მოუწიათ. სამწუხაროდ, რუსეთთან საბრძოლველად მათი კუნთები უკვე ისე იყო ატროფირებული, რომ მოძრაობა უჭირდათ, ევროპაში ძველებურად სწრაფად ვეღარ გადაადგილდებოდნენ.


ზოგიერთ შემთხვევაში რუსმა სამხედროებმა უფრო უკეთ იციან ნატოში მიღებული აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ხიდებისა და გზების მდგომარეობა - ისინი ხომ ადრე საბჭოთა კავშირის [და მისი გავლენის ქვეშ არსებული] ტერიტორიის ნაწილებს წარმოადგენდნენ.


იმ დროს, როცა რუსეთს წარმატებით შეუძლია ჯარების გადასროლა საკუთარ ტერიტორიაზე, ევროპაში აშშ-ის (ნატოს) ჯარების სწრაფად გადაადგილებას ხელს უშლის უამრავი ბარიერი. ასე, მაგალითად, გერმანიაში სპეციალური საბარგო ავტომანქანებით მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანა ავტომაგისტრალებზე ნებადართულია მხოლოდ ღამით და გამოსასვლელ დღეებში. შვედეთში, რომელიც ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ალიანსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, აუცილებელია წინასწარ, სამი კვირით ადრე შეტყობინება, რათა მის ტერიტორიაზე ჯარები და საბრძოლო ტექნიკა იქნეს გაგზავნილი. ბალტიისპირეთის ქვეყნების რკინიგზის ლიანდაგი უფრო განიერია დასავლურ სტანდარტთან შედარებით და აქედან გამომდინარე, პოლონეთ-ლიტვის საზღვარზე სამხედრო ტექნიკა ერთი ეშელონიდან მეორეზე უნდა გადაიტვირთოს, რაც ძალიან შრომატევადი პროცესია. ამ მიზეზით ჯარების გადასროლას რამდენიმე დღე ჭირდება.

„თუ შენ გზის გავლას 45 დღე უნდები, ეს ნიშნავს, რომ ომში ჩაბმა დააგვიანე“, - ამბობს გენერალ-მაიორი სტივენ შაპირო, რომლის ფუნქციებში ამერიკის ჯარების ევროპაში გადასროლის ორგანიზება შედის. როგორც მისი ნაამბობიდან ირკვევა, ამას წინაღ გერმანიის ნავსადგურ ბრემეჰაფენიდან პოლონეთში სამხედრო ნაწილის გადაყვანის ნებართვა რომ მიეღო, 17 ფორმულიარის შევსება მოუწია. „არის დღეები, როცა საომარი დროის შესაბამისი სიჩქარით ვმოძრაობთ, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე ნორმა“, - განაცხადა გენერალმა. მაგალითად, მისთვის ნამდვილი ტანჯვა იყო, როცა შარშან აშშ-ის სახმელეთო ჯარების ბატალიონის საშტატო საბრძოლო ტექნიკის გადაყვანა მოუწია შავიზღვისპირა საქართველოდან უკან, გერმანიაში: „საქართველოში ჩვენი ამოცანები ჯერ კიდევ 15 აგვისტოს შევასრულეთ, - ჰყვება ბატალიონის მეთაური ადამ ლეკი, - მაგრამ ზოგიერთი საბრძოლო მანქანა თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილს მხოლოდ დეკემბრის ბოლოს დაუბრუნდა“.


საქმე იმაშია, რომ თურმე უნგრელ მესაზღვრეებს არ მოეწონათ რუმინელების მიერ სარკინიგზო პლატფორმაზე „სტრაიკერების“ დამაგრება, ამის გამო საბრძოლო მანქანები მთელ ეშელონზე მოხსნეს და ხელახლა დაამაგრეს. შემდეგ ერთ-ერთმა ინსპექტორმა [წვრილმანის გამო] სარკინიგზო შემადგენლობა გააჩერა, შვებულება აიღო და სამსახურში რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. ამ იძულებითი დაყოვნების გამო „სტრაიკერებით“ დატვირთული ეშელონი, რადგან გერმანიაში რკინიგზა გადატვირთულია, მოძრაობის გრაფიკის „ფანჯრიდან“ ამოვარდა. შესაბამისად, მას მოუწია წინ სამგზავრო და საბარგო მატარებლები გაეშვა. „მათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ, რომ საქმე აშშ-ის ჯართან აქვთ. ისინი ხომ გერმანიის რკინიგზას წარმოადგენენ“, - ნაწყენია ლეიტენანტ-კოლონელი. საბოლოო ჯამში ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიაში „სტრაიკერების“ გარეშე დაბრუნდა. როცა სპეტექნიკა, როგორც იქნა, გერმანიაში ჩავიდა, ამერიკელ სამხედროებს წვიმითა და თოვლით ფერშეცვლილი ტექნიკის წესრიგში მოყვანა მოუწიათ, სამუშაოების ხანგრძლივობა ორჯერ გაიზარდა. აბა, ამ დროს რომ კრიზისი დაწყებულიყო, განა ჯარისკაცები მზად იქნებოდნენ თავიანთი საბრძოლო ტექნიკის გამოსაყენებლად?


ამჟამად ადამ ლეკის ბატალიონი, ნატოს სხვა ნაწილებთან ერთად, აღმოსავლეთ პოლონეთში იმყოფება. მისი თქმით, „ამჯერად ჩვენ [სხვებს ვეღარ ვენდობით], მხოლოდ ჩვენივე სვლით ვივლით“.


რასაკვირველია, ნატო ცდილობს ჯარების გადაადგილების პრობლემები მოაგვაროს. გასულ წელს, ევროკავშირთან ერთად, სამხედრო ბლოკმა გადაწყვიტა ინფრასტრუქტურის განახლებაზე დანახარჯები გაზარდოს. თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისაგან სიურპრიზები არ იქნება (იგი ხომ მუდამ იმას ჩივის, ნატოს წევრები თავდაცვაზე ბიუჯეტის ორ პროცენტს არ ხარჯავენო!), მაშინ ალიანსის ივლისის სამიტზე ორი ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდება, რომელიც პასუხისმნგებელი იქნებიან ჯარების სწრაფ გადასროლაზე აშშ-ის აღმოსავლეთი სანაპიროდან ევროპაში, რუსეთის საზღვართან, თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, ამას წლები დაჭირდება.


ნატოს თავდაცვაში ყველაზე მოწყვლად ადგილს (ე.წ. „აქილევსის ქუსლს“) პოლონეთ- ლიტვის შემაერთებელი მიწის ვიწრო ზოლი წარმოადგენს. ეს 65 კილომეტრიანი დერეფანი „ჩაჭედილია“ ერთი მხრივ, რუსეთის კალინინგრადის ოლქისა და მეორე მხრივ, მოსკოვის მოკავშირე ბელორუსიას შორის. ეს დერეფანი სასიცოცხლოდ აუცილებელი არტერიაა, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნატოს დანარჩენ წევრებთან აკავშირებს. და ეს კავშირი მხოლოდ ერთადერთი არადასავლურსტანდარტებიანი (ფართოლიანდაგიანი) რკინიგზითა და ასევე ერთადერთი ორზოლიანი გზატკეცილით ხორციელდება. რკინიგზაც და გზატკეცილიც ბორცვებიან ლანდშაფტზე გადის, მიხვეულ-მოხვეულია, ირგვლივ კი ტბები და ტყეებია. მას ადგილობრივები „სუვალკის ყელს“ უწოდებენ. ეს ადგილი მისაწვდომია კალინინიგრადში განლაგებული რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებისათვის, ამიტომაც ნატო მას დიდ ყურადღებას უთმობს. თუ რუსეთი სახმელეთო შეტევას განახორციელებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორია ძალიან სწრაფად იქნება დაკავებული და, შესაბამისად, ნატოს ავიაციას გამოყენება უკვე საეჭვო იქნება.


„სუვალკის ყელის“ გზატკეცილი ზოგიერთ ადგილზე ისეთი ვიწროა, რომ ასფალტის საფარი გზის შუა ნაწილში მონიშნულიც კი არაა ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობისათვის. ავტომანქანების გრძელი ქარავანი უკან მიჰყვება ნელმავალ „ბელარუსის“ტრაქტორებს და გვერდის აქცევაც არ შეუძლიათ, რითაც კიდევ უფრო ყოვნდება მოძრაობა. აი, ასეთ რთულ სიტუაციაში, თუ რუსეთი გზის ორივე მხარეს ჯარების თავმოყრას დაიწყებს, ნატოს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.


მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აშშ-ის კველევითმა ცენტრმა „რენდ კორპორეიშენ“-მა 2016 წელს დაასკვნა, რომ რუსეთის არმიას ლატვიის დედაქალაქ რიგის დაკავება 60 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია. „სამწუხაროდ, ჩვენ ამ გეოგრაფიის შეცვლა არანაირად არ შეგვიძლია. ეს ძალიან მოწყვლადი ადგილია“, - განაცხადა ლიტვაში დისლოცირებული ნატოს მატერიალურ-ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენელმა მინდაუგას პეტკივიჩუსმა.


ლიტვის სამხედრო შტაბში ხედავენ სწრაფი მოქმედების აუცილებლობას. ყოველ კაბინეტში, კარადებში ჰკიდია უკვე გამზადებული ზურგჩანთები, რათა ომის შემთხვევაში [ოფიცრების] მობილიზება სწრაფად განხორციელდეს. გარდაც ამისა, სამხედროების კომპიუტერთა კლავიატურაზე ასოები კირილიცითაც არის მონიშნული, რომ ბელორუსებთან და რუსებთან უკეთ მოახერხონ კავშირის დამყარება.


„ბალტიისპირეთი შეიძლება ის ადგილი გახდეს, სადაც რუსეთი ნატოს ბლოკს გამოცდას მოუწყობს’, - ამბობს ლეიტენანტ-კოლონელი ვალდას დომბრაუსკასი, რომელიც ლიტვის თავდაცვის სამინისტროში ლოჯისტიკას ხელმძღვანელობს, - თუ ბალტიისპირეთი დამარცხდება, ეს ნატოს მარცხის ტოლფასი იქნება“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930