გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა 41-ე საჯარო სკოლაში სპორტული ფესტივალი გახსნა

15-05-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფესტივალი გახსნა, რომელიც გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა.

 

მიხეილ ჩხენკელი, ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ხაბარელთან ერთად, ფესტივალის მონაწილეებს შეხვდა და მათ სპორტულ აქტივობებში წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში, სადაც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაფუძნდა უკრაინული სექტორი, მოსწავლეებისთვის ჩატარდა ძალიან საინტერესო სპორტული ღონისძიება. აქტივობებში მონაწილეობა როგორც უკრაინელმა, ასევე, ქართველმა მოზარდებმა მიიღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალურ გარემოში მრავალფეროვან აქტივობებში ჩართულობით  მოსწავლეებს ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და დამეგობრების საშუალებას მიეცათ“.

 

ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სასკოლო სპორტული-გამაჯანსაღებელი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის მერს, კახა კალაძეს და პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და სასკოლო სპორტული ფესტივალის ორგანიზებისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსწავლეების ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, სასწავლო პროცესში მათთვის არაფორმალური განათლების სახით სპორტული აქტივობების შეთავაზება და სხვადასხვა აქტივობებით წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანია სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა – ყველა ახლად აშენებული და რეაბილიტირებული სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურით. ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სასკოლო სტადიონების, სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა, ასევე, სპორტის მასწავლებლების გადამზადება ახალი თანამედროვე სტანდარტებით.

 

თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში გამართული ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 200-მდე ქართველმა და უკრაინელმა მოსწავლემ მიიღო. ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ხელბურთის, ბადმინტონისა და ფრენბურთის ეროვნული ფედერაციები და თბილისის კარატეს ფედერაცია.

 

ფესტივალი მოიცავდა მოძრავ სახალისო თამაშებს ხელბურთისა და კარატეს ელემენტებით, შეჯიბრებს ფეხბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონსა და მაგიდის ჩოგბურთში.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დააფუძნა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო".

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 700-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 300 მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორზე აგრძელებს სწავლას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930