26-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა ჰქონდეს და მის ამოქედებას რეალური შედეგები მოჰყვეს.
ამის შესახებ ბახტაძემ დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ჩვენთვის ძალიან პრინციპულ და მტკივნეულ საკითხს. შეიძლება ითქვას, ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ღირსების საკითხს.
როგორც იცით, 21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამ სიაში შეყვანილნი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ უმძიმეს დანაშაულებში, როგორიც არის მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულებების დაფარვა. სიაში შეყვანილია 33 კაცი, რომელთაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართლადამცველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ამავდროულად, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს სიაში შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ირაგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ, ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.
ასევე, განსაზღვრულია აღსრულებაში პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შესაბამისი ანგარიში უნდა წარუდგინონ. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ოთხოზორია ტატუნაშვილის სიას ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და მის ამოქედებას რეალური შედეგები მოჰყვეს“- განაცხადა ბახტაძემ.