18-05-2022
ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის, ზარზმელისა და საფარის ქუჩებზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გელა ჭალიძე, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.
ქალაქის იერსახისა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგების მიზნით, 9 აპრილის ქუჩა N15 და N25- ში აქტიურად მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოებისა რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ფასადების მოპირკეთება და შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გარდა ამისა, 9 აპრილის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცეებთან ერთად, საბავშვო გასართობი მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება და სარწყავი სისტემა ეწყობა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ზარზმელის ქუჩაზე №54-ის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერის მოწყობის პროცესიც დაათვალიერეს. პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი სივრცეების, ლამპიონების, ქვიშის მოედნის და პატარებისთვის თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო-გასართობი მოედნის მოწყობას. დასასვენებელი სკვერების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
გრძელდება შიდა გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც, სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს საფარის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხე-საფარის მონასტრის მიმართულებით არსებულ ცენტრალურ გზას უერთდება, სადაც პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხი, საყრდენი კედელი და ასფალტის საფარი დაიგება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქ პირველად ხორციელდება და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უამინდობისას არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
16-11-2024
16-11-2024