20-05-2022
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია, რომელზეც კაკლოვანი კულტურების ხარისხისა და ექსპორტის საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თხილისა და მშრალი ხილის საერთაშორისო საბჭოს (INC) თავმჯდომარე პინო კალკანიმ.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში კაკლოვანი კულტურების განვითარების პოტენციალსა და გამოწვევებზე.
„მნიშვნელოვანია, რომ კაკლოვანი კულტურების განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში მორიგი წარმომადგენლობითი შეხვედრა გაიმართა. სექტორში ჩართულ პირებს საშუალება ჰქონდათ, მსოფლიო ტენდენციებზე მიეღოთ ინფორმაცია. არსებული გამოწვევების ფონზე, უმნიშვნელოვანესია მოსავლის მაღალი ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობენ ბიზნესსექტორთან,"- აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
თხილისა და მშრალი ხილის საერთაშორისო საბჭოს (INC) თავმჯდომარე პინო კალკანიმ მოხსენებაში მსოფლიოში არსებული ვითარება შეაჯამა და აღნიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, საქართველომ დარგის განვითარების დადებითი დინამიკა შეინარჩუნა.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 10 წელზე მეტია არაერთ პროგრამას ახორციელებს და ეხმარება ქართველ ფერმერებს კაკლოვანი კულტურების ინდუსტრიის განვითარებაში," - განაცხადა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა.
კონფერენციაში ექსპორტიორები, საქართველოში მოქმედი კაკლოვანი კულტურების ასოციაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თხილისა და მშრალი ხილის საერთაშორისო საბჭო (INC) 1980 წელს დაარსდა და დღეისათვის 80 ქვეყნის 850-ზე მეტ წარმომადგენლობას აერთიანებს.
16-11-2024
16-11-2024