21-05-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ჯულიან შუსტერს უმასპინძლა და პირადად მიულოცა საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი გახსნა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ახლად გახსნილი ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის შესახებ ისაუბრეს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნას და მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვებსტერის უნივერსიტეტს საქართველოდან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ეყოლება.
თავის მხრივ, ვებსტერის უნივერსიტეტის რექტორმა მხარდაჭერისთვის მიხეილ ჩხენკელს გულითადი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი პირადი ხელშეწყობის გარეშე ამ მასშტაბის პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი 1000 სტუდენტზეა გათვლილი და განახორციელებს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო აკადემიურ პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. სამომავლოდდაგეგმილია სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაც.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მობილობით და რამდენიმე სემესტრი მსოფლიო მასშტაბით ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში ისწავლონ. სწავლის დასრულებისას სტუდენტებს ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკული დიპლომი მიენიჭებათ.
მიხეილ ჩხენკელისა და ჯულიან შუსტერის შეხვედრას ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული კამპუსის დირექტორი ნენსიჰელერადი და „ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოს“ ოპერაციათა მენეჯერი მაია ნონიაშვილი ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024