გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ნადარეიშვილი: საჯარო-კერძო დიალოგი, მისი ხარისხის შეფასება და მუდმივი გაუმჯობესება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

25-05-2022

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა USAID-ისა IDFI-ს მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში, რომელიც ემსახურება ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასებას, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს კვლევა შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან კანონს და დადგენილებას, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით და ავტორობით არის შექმნილი, ან ამ პროცესში ძალიან აქტიური მონაწილეობა გვაქვს მიღებული" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა პრეზენტაციაზე „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება 2020-2021 წწ." სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 


მინისტრის მოადგილის შეფასებით, პოლიტიკის დოკუმენტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების წესი, რომელიც 2020 წლიდან შევიდა ძალაში, ცალსახად ხაზს უსვამს და ითვალისწინებს პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაში დიალოგისა და კონსულტაციების საჭიროებას. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია  რეგულირების ზეგავლენის შეფასებაც, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არის სავალდებულო და მისი ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების მიზნით დამტკიცებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია. 


„2016 წლიდან ეკონომიკის სამინისტრო  ასევე აქტიურად იყენებს კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს პლატფორმას, რომელშიც შედის თითქმის ყველა დარგობრივი ასოციაცია. ამ პლატფორმის ფარგლებში გვაქვს საშუალება, რომ კერძო სექტორთან ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ყველა იმ რეგულაციასა და ინიციატივაზე, რომელშიც ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ფორმით" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 


როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საჯარო პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისთვის, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ღიაობა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობა არსებული გამოწვევების შეფასების და დაძლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930