გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერი საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ფასადების დაზიანების ფაქტების მოკვლევას ითხოვს

27-06-2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ფასადების დაზიანების ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება, შესაბამის სამსახურებს კი, მათი უმოკლეს ვადაში აღდგენა დაავალა.


დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისტორიულ ძეგლებზე კონდიციონერებით, გამათბობლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით ფასადების დაზიანების გახშირებულ ფაქტებს შემაშფოთებელი უწოდა და მოქალაქეებს ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.


„2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ახალი აღმაშენებლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც დაახლოებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯა. მერიის ინიციატივითა და დაფინანსებით, ასევე, ხორციელდება გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა. პროექტების ღირებულება ჯამში 110 მილიონი ლარია. ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანია, ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა და შენარჩუნება. მაქვს ფოტოსურათები, სადაც ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს იქ არსებული ისტორიული ძეგლები და შენობა-ნაგებობები, რაც ძალიან გულსადაწყვეტია. ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები სკვერებშიც ფიქსირდება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვანდალიზმის ფაქტები ძალიან ხშირია.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვუაროთ, აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ. მესმის, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დამახინჯების ხარჯზე. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. მეპატრონეები თვითონ უნდა იყვნენ პირველები, ვინც შენობა-ნაგებობებს დაიცავს. ჩვენ ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას გავაგრძელებთ და ამაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. თქვენი, მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებთ თბილისს აღვუდგინოთ და მისი ისტორიული იერსახეშევუნარჩუნოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისის მერის თქმით, მოსახლეობამ გამგეობასთან შეთანხმებით, საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურასხვა ადგილზე უნდა გადაიტანოს, ხოლო ფასადების აღდგენისთვის საჭირო ხარჯებს მუნიციპალიტეტი გამოყოფს.


„მინდა, დავავალო თბილისის ზედამხედველობის სამსახურს, დააფიქსიროს და აღრიცხოს თითოეული მსგავსი დაზიანება და ყველა მესაკუთრეს თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის გონივრული ვადა მისცეს. ის დაზიანებები, რაც ფასადებზეა, ჩვენი სახსრებით აღვადგენთ და მოვაწესრიგებთ. აღდგენის სამუშაოებში დედაქალაქის მერია, გამგეობა და „თბილისის განვითარების ფონდი“ ჩაერთვება. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში მოხდება დემონტაჟი, არ მოგვიწევს სხვა, უფრო მკაცრი ზომების მიღება და მომავალში მსგავს ფაქტებსადგილი აღარ ექნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031