27-06-2018
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, «The Telegraph»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის საფინანსო სისტემაზე, კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ საქმიანობაზე, რომელიც წარმატებულად არის შეფასებული.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ჯეიმს ეშტონის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, დიდი ბრიტანეთის ბანკები (მაგალითად, „ინგლისის ბანკი“) ცდილობენ კლიენტებს (მეანაბრეებს, კრედიტორებს) სტაბილური მომსახურება შესთავაზონ და ამ მიზნით მათ აცნობს ე.წ. „სტრეს-ტესტებს“ ანუ სცენარებს, რომლებშიც მოცემულია, თუ როგორ იმოქმედებს ბანკი კრიზისულ ვითარების დროს. რასაკვირველია, ასეთი მიდგომა მეანაბრეებს გარკვეულ კომფორტს უქმნის. ამასთან, ავტორის აზრით, არსებობენ ბანკები, რომლებმაც ასეთი „სტრეს-ტესტები“ ჰიპოთეტურად კი არა, რეალურად გამოსცადეს საკუთარ თავზე. ასეთი ფინანსური ორგანიზაციაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი ბანკი - „საქართველოს ბანკი“, რომელიც თითქმის 4-მილიონიან საქართველოში წამყვან კრედიტორს წარმოადგენს.
„საქართველოს ბანკმა“ გადაიტანა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომი, რომლის დროსაც დეპოზიტების 20% დაკარგა. თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, ბანკი აყვავების პერიოდშია, - ნათქვამია სტატიაში და ამის დამადასტურებლად ავტორი მკითხველს „საქართველოს ბანკის“ წარმატებული საქმიანობის ფაქტებს აცნობს (ინვესტიციების სფეროში).
პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე, რომლის ზრდა, ნავთობზე ფასების ვარდნის გამო 2015-2016 წლებში, მართალია შემცირდა, მაგრამ ამჟამად ტემპები თითქმის ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდა: აპრილში ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 5,5% შეადგინა. გააქქტიურდა შიდა და გარე ინვესტიციების დაბანდება უძრავი ქონების სფეროში, ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, წარმატებით მიმდინარეობს ტურისტული პოტენციალის ზრდაც.
ეკონომიკის განვითარების კვალობაზე, მმსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოში შემცირდა სიღარიბის დონეც - 2006 წელს არსებული 35%-დან 17%-მდე 2016 წელს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ეკონომიკური პროცესები იდეალურად ვითარდება. არის ჩრდილოვანი მხარეებიც: საქართველოს ძალიან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს, ხოლო ლარის - ქართული ეროვნული ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა ამერიკულ დოლართან მიმართებით.
„საქართველოს ბანკს“ დღეს ქვეყნის საბანკო ბაზრის დაახლოებით მესამედი აქვს დაკავებული. მისი „საკრედიტო პორტფელის“ ორ მესამედს საცალო ვაჭრობისა და მცირე ბიზნესის სფეროს დიფინანსება წარმოადგენს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბანკის მოგება 19%-ით გაიზარდა. ბანკს მიმზიდველი პერსპექტივა აქვს: 2018 წლის პროგნოზების მიხედვით, მისი შემოსავლები და რენტაბელობა 24%-ს მიუახლოვდება.
რასაკვირველია, ისეთ ქვეყანაში, რომელიც რუსეთის მეზობელია, მასშტაბური ინვესტიციების ჩადებისათვის დიდი გეოპოლიტიკური რისკები არსებობს. საქართველო ხომ შავიზღვისპირა სახელმწიფოა და რუსეთს ესაზღვრება - იმ რუსეთს, რომლის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა. მაგრამ სიტუაციის გაურკვევლობა წარმატებას სრულიადაც არ გამორიცხავს. „საქართველოს ბანკმა“, რომელიც დიდ ბრიტანეთზეა ორიენტირებული, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ნაკლებად სტრესული იყოს, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.