გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება

30-05-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება.

 

მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო კერების დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მიხეილ ჩხენკელი: დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის და კონკრეტულად კახეთის რეგიონისთვის – გურჯაანში საფუძველი ეყრება უმაღლესი სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა.

 

მოხარული ვარ, რომ ეს აკადემია საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროფესიული განათლების მიმართულებით, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან წამყვანი უცხოელი სპეციალისტები, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ახალ სასწავლებელში, ქართველ მასწავლებლებთან ერთად, სტუდენტებს ბასკეთის ცენტრის წამყვანი სპეციალისტებიც შეასწავლიან პროფესიებს.

 

ბასკური კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები იღებენ განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებულად საქმიანობენ გასტრონომიულ სფეროში გლობალურ ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი, ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას პროფესიული განათლების მიმართულებით.

 

ჩვენი გუნდის მიზანი გახლავთ, საქართველოს ყველა რეგიონში გვქონდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ადგილობრივ მოთხოვნებს უპასუხებენ. მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტი უკვე განხორციელდა და ეს ტენდენცია გრძელდება – ჩვენ საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სფეროში გვექნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი კოლეჯები, რომლებიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და ამას ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი.

 

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მჯერა, ეს პროცესი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებით დაგვირგვინდება, რაც განათლების სისტემის ხარისხზე აისახება.

 

ამ ბრწყინვალე პროექტის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის წევრ, მაჟორიტარ-დეპუტატ დავით სონღულაშვილს და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას. სწორედ მათი ძალიან დიდი ძალისხმევით, ენერგიითა და ენთუზიაზმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ჩვენს ბასკ კოლეგებთან თანამშმლობით, შედგა ეს შესანიშნავი პროექტი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს – დარწმუნებული ვარ, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის მხარის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში”.

 

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარ-დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, ესპანეთის სამეფოს ბასკეთის ნაციონალური პარტიის პრეზიდენტმა ანდონი ორტუსარმა,  ბასკეთის კულინარიული ცენტრის სამაგისტრო პროგრამების დირექტორმა იდოია კალეხამ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და უნარების სააგენტოს დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა.

 

 

ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა. ცერემონიის დასასრულს მონაწილეებმა ბასკი კოლეგების მიერ ნაჩუქარი ხე აკადემიის ტერიტორიაზე დარგეს.

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. სასწავლებელი აღიჭურვება უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით.

 

 

პროექტის ფარგლებში აშენდება 50 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული.

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულინარიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის კაფსულის ჩადების ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი ლევან სუხიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930