31-05-2022
ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელზეც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების შესრულება და მდგომარეობა 2022 წლისთვის.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში აქამდე არ განხორციელებულა მსგავსი მასშტაბის რეფორმა.
„ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს ბაზრის არსებული მოდელის თვისობრივ ცვლილებას როგორც საბითუმო, ასევე საცალო დონეზე. ამ რეფორმის შედეგად, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ელექტრონერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის განვითარება, ბაზრის ეტაპობრივი გახსნის გზით. უნდა ჩამოყალიბდეს ბაზრის ისეთი მოდელი, რომელიც სწორ საფასო სიგნალებს მისცემს როგორც გენერაციის ინვესტორებს, ასევე მომხმარებლებს," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მისი თქმით, კონკურენციის განვითარებისათვის ევროპული კანონმდებლობა ითვალისწინებს მონოპოლიური საქმიანობისაგან იმ საქმიანობის გამოყოფას, რომელიც თავისი ხასიათით კონკურენტულია, იმისთვის, რომ არ მოხდეს მონოპოლიური მდგომარეობის გამოყენება კონკურენტულ ბაზარზე უპირატესობის მიღების მიზნით. ამ მიმართულებით, ევროპული კანონმდებლობა ითვალისწინებს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების საქმიანობების განცალკევებას და ბაზრის ფუნქციონირებაზე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან მონიტორინგის სისტემის დანერგვას.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა 2019 წლის დეკემბერიდან დღემდე რეფორმის მიმდინარეობის ფარგლებში ამ პროცესში ჩართული ყველა უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეფორმის 3 ძირითადი მიმართულებით. ესაა, ნორმატიულ აქტებზე მუშაობა, სისტემის ოპერატორების განცალკევება, ბაზრის გახსნა და ინსტიტუციური განვითარება. ასევე, ისაუბრა იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც რეფორმას ახლავს თან და ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე.
„საათობრივ დაბალანსებაზე, და შესაბამისად საათობრივ ვაჭრობაზე, გადასვლა არის სიფრთხილით განსახორციელებელი რეფორმა. მნიშვნელოვანია, ამ ბაზრის მიმართ არსებული პოზიტიური მოლოდინები შეესაბამებოდეს რეალობას. ამისათვის კი აუცილებელია, სრულ მზადყოფნაში იყოს ბაზრის ყველა სუბიექტი," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება 2022 წლის 1-ელ სექტემბერსაა დაგეგმილი. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ სხვა ქვეყნებს ამ ტიპის რეფორმის გატარებისთვის - საერთაშორისო გამოცდილებიდან და კონსულტანტების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, 1 წელი არის ოპტიმალური ვადა ბაზრების სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებისთვის. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მომდევნო ეტაპებსა და სამიზნე მაჩვენებლებზე.
პრეზენტაციის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
16-11-2024
16-11-2024