31-05-2022
საქართველოსთვის ნამდვილად საამაყოა ის, თუ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზებით გამართულ „2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის შედეგების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ონლაინ ფორმატში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდნენ ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ელენ კლარკი, საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობის ორგანიზაციის (IBP - International Budget Partnership) ღია ბიუჯეტის კვლევის ხელმძღვანელი ენჯალი გარგი, სხვადასხვა ქვეყნების ფინანსთა მინისტრები.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველო წლების განმავლობაში სტაბილურად აუმჯობესებს თავის საქმიანობას. ბოლო რამდენიმე წელია ღია ბიუჯეტის კვლევის თანახმად, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ქვეყანაა. მაშინ, როდესაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ცდილობდნენ ეფექტიანად მუშაობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 წლის კვლევის შედეგებით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით დაწინაურდა - 100-დან 87 ქულა მოიპოვა და რეიტინგის სათავეში მოექცა. ამდენად, 2019 წელთან შედარებით, ქვეყანამ 6 პუნქტით გაიუმჯობესა პოზიცია, რითაც კვლევაში აისახა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძალისხმევა - განაგრძოს საბიუჯეტო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი გამოქვეყნება", - აღნიშნულია ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებისთვის.
„საქართველოსთვის ნამდვილად საამაყოა, როდესაც ვუყურებთ ჩვენ მიერ განვლილ გზას და ვხედავთ, თუ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით. უახლესი შედეგებით, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა 120 ქვეყანას შორის. „ღია ბიუჯეტის კვლევის შედეგები" ასახავს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, მათ შორის, წინა წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი მიღწეულ იქნა იმ შეზღუდვის მიუხედავად, რაც უკავშირდება კოვიდ-19 პანდემიას (ამ პერიოდში, ჩვენი თანამშრომლები, ძირითადად, დისტანციურად მუშაობდნენ თითქმის ორი წლის განმავლობაში.) ამდენად, უმაღლესი ქულა, რომელიც ჩვენს წინსვლას ადასტურებს, გვაძლევს საფუძველს, ვიამაყოთ ჩვენი შედეგებით და ამავე დროს, პასუხისმგებლობით გავიაზროთ ახალი გამოწვევები და გავზარდოთ ჩვენი მოტივაცია მათი დაძლევისთვის," - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ სერიოზული რეფორმები განახორციელა საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით.
„საქართველო აქტიურად აწარმოებს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მონიტორინგს. „ღია ბიუჯეტის კვლევაში" რეგულარულად აისახება ეს პროცესი. ჩვენ სისტემატიურად ვახორციელებთ თვითშეფასებას სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) მიმართულებით. ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დანერგილი ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება (FTE), საჯარო სექტორში განხორციელებული კაპიტალდაბანდების მართვის შეფასება (PIMA) და სხვ. ღია ბიუჯეტის კვლევაში ასახული წინადადებები, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, გამოიყენება ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის შესამუშავებლად. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა და გახსნილობა საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა რეფორმების დღის წესრიგზე და მათ შორის დაასახელა ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ფისკალური რისკების მართვა, საჯარო სექტორში კაპიტალდაბანდების მართვა და ადგილობრივი ბაზრის განვითარება.
„ჩვენ ახლახან წარვადგინეთ ევროკავშირის წევრობის კითხვარზე მომზადებული პასუხები. ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მატებს ჩვენი სამომავლო რეფორმების დღის წესრიგს. მათი განხორციელება საშუალებას მოგვცემს საჯარო ფინანსების მართვის სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მან ხაზი გაუსვა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში საერთაშორისო დონორებთან (ევროკავშირი (EU), მსოფლიო ბანკი (WB), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გაერთიანებული სამეფოს (UK) მთავრობა) თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მათ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარების სახით გაწეული მხარდაჭერისთვის.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
„ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების შემუშავებაზე. მხოლოდ გამჭვირვალობა ვერ იქნება საკმარისი მმართველობის გასაუმჯობესებლად. ინკლუზიური საზოგადოებრივი ჩართულობა აუცილებელია გაზრდილი საბიუჯეტო გამჭვირვალობის დადებითი შედეგების რეალიზებისთვის. 2019 წელს ამოქმედდა ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის ელექტრონული სისტემა (eBTPS.mof.ge) და მისი დახმარებით ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ გამოხმაურება და ინფორმაცია ბიუჯეტირების პროცესსა და საბიუჯეტო საკითხებზე (საბიუჯეტო კალენდარი, მოქალაქეთა გზამკვლევი და სხვა საბიუჯეტო დოკუმენტაცია). ამავე დროს, ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი საერთაშორისო და ორმხრივი პარტნიორების რეკომენდაციებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ინიციატივების ხელშეწყობასა და გაძლიერებას ბიუჯეტის გამჭვირვალობის, მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
16-11-2024
16-11-2024