გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკომისიამ საქართველოსთვის 1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება გამოყო

3-06-2022

საქართველოს Erasmus+ პროგრამაში ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მოპოვების ხელშეწყობის მიზნით მიზანშეწონილობის კვლევისთვის ევროკომისიამ 1 მილიონი ევრო გამოყო.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა კვლევის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.


მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც 2022 წლის ივნისში დაიწყო, გულისხმობს საქართველოს განათლების სისტემის Erasmus+ პროგრამის მოთხოვნებთან თავსებადობის შეფასებას. ამის შემდეგ კი, პროექტის ფარგლებში, გასატარებელი რეფორმების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმა შემუშავდება.


შეხვედრაზე ნუნუ მიცკევიჩმა კვლევის განხორციელების პროცესში სრული ჩართულობის მზაობა გამოხატა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიზანშეწონილობის კვლევა საქართველოს Erasmus+ პროგრამაში ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მოპოვებას შეუწყობს ხელს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის შესაბამის პროგრამებში სრული წევრობა საქართველოს განათლების სისტემის მოდერნიზებას, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა/გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.


შეხვედრაში, მინისტრის მოადგილესთან და კვლევის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმაც მიიღეს.


Erasmus+ პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში 2021-2027 წლებისთვის არის: ხარისხიანი განათლება, ინკლუზია და გენდერული თანასწორობა, მწვანე და ციფრული განვითარების მხარდაჭერა, უმაღლესი განათლება, გეოპოლიტიკური განზომილება. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა Erasmus+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერას, უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროგრამა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს ევროპის უნივერსიტეტებში და უზრუნველყოფს მათ ფინანსურ მხარდაჭერას. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს რაც შეიძლება მეტ სტუდენტს, გაიუმჯობესონ შესაძლებლობები, დაეუფლონ პროფესიას და საზღვარგარეთ, სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შედეგად გახდნენ კონკურენტუნარიანები როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031