8-06-2022
„ჩვენ არ ვლანძღავთ ევროპელ პოლიტიკოსებს, მაგრამ ვიტოვებთ იმის უფლებას, რომ გავაკრიტიკოთ ის განცხადებები პარლამენტარების, რომლებიც არის უსაფუძვლო და ეყრდნობა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთან მიდის მათი კოლეგა პარტიის მხრიდან. ჩვენ ვიტოვებთ იმის უფლებას, რომ ვიამაყოთ იმ შედეგებით, რა შედეგებიც გვაქვს", - განაცხადა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.
მისი ინფორმაციით, ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო მნიშვნელოვანი რეზოლუცია და ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას.
„მასში ძალიან მკაფიოდ არის ასახული, რომ გვაქვს უმნიშვნელოვანესი პროგრესი. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო არის არა მარტო ლიდერი რეგიონში, არამედ ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოს კონკრეტული მიმართულებებით სჯობნის საკუთარი რეგულაციებითა და საკანონმდებლო ბაზით",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
დეპუტატმა ყურადღება უკრაინასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა.
„ლევან ხაბეიშილმა გამოსვლისას ცინიკურად ისაუბრა. ალბათ, ის არ ელაპარაკება ხატია დეკანოიძეს და მინდა, მას მოჰკითხოს ის პოზიცია, რა პოზიციაც აქვს დაფიქსირებული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ტრიბუნიდან. ყველა რეზოლუცია, რომელიც უკრაინას ეხებოდა, არის მხარდაჭერილი საქართველოს დელეგაციის მხრიდან. ეს არის პოზიცია, რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება", ჩვენი ხელისუფლება. ოპოზიციის წარმომადგენლებს გავიწყდებათ, რომ მაშინ, როდესაც ე.წ. ბოიკოტის რეჟიმში იყავით, „ქართული ოცნების: დელეგაცია იყო ის, ვინც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე საუბრობდა, რომ რუსეთის ფედერაციას უნდა შეწყვეტოდა უფლებამოსილება ევროპის საბჭოში. ფაქტები გავასწოროთ, ფაქტებს დავეყრდნოთ და აქედან გამომდინარე ვისაუბროთ. ის პარალელური სამყარო, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი საკუთარი მედია საშუალებებით, დიდი ხნით ვერ გრძელდება და მხოლოდ ორდღიან, სამდღიან საინფორმაციო ციკლს ეყრდნობა. დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერს ფარდა ეხდება და სიმართლეს იგებს საზოგადოება მინდა, გამოვეხმაურო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ევროპულ სახელმწიფოებში არ არიან ისეთი სახელმწიფოები, რომელთაც პრეზიდენტი ჰყავთ პასუხისგებაში მიცემული. „მე ნამდვილად არ მახსენდება ევროპული სახელმწიფოს არცერთი პრეზიდენტი, რომელიც არის კონტრაბანდისტი და თვითკონტრაბანდას ეწევა",- მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
16-11-2024
16-11-2024