გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე უკვე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს

9-06-2022

თანამედროვე ომებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს რეალურ დროში ბრძოლის ველის სურათისა და ამომწურავი ინფორმაციის ფლობა, იზრდება ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური უპირატესობის მნიშვნელობა.საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვის ძალების გაძლიერების თვალსაზრისით უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება   სადაზვერვო საშუალებების - ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების მიმართულების განვითარება და გაძლიერებაა.ამ თემაზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა და საზოგადოებას ამ კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების, მათ შორისმოიერიშე ტაქტიკური სადაზვერვო აპარატების მნიშვნელობა ბოლო პერიოდის საბრძოლო მოქმედებებში განსაკუთრებით თვალნათელია. „ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მოხდეს უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დაწყება. ამ ეტაპზე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს "დელტავებე" წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


მინისტრმა უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების მიმართულებაში საწარმოს ბაზაზე დაგეგმილი სასწავლო  ცენტრის შექმნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრი   შესაბამისი ინვენტარით კარგად აღიჭურვება და მოემსახურება თავდაცვის ძალებს, როგორც პირველად სწავლებაში, ასევე უნარების შენარჩუნებასა და დახვეწაში.


კანონმდებლებს ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი წარმოების გარდა, უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით სხვა სიახლეებიც გააცნო. მისი თქმით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვა. „ამ მიმართულებით, პარტნიორების დახმარებით შეირჩა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური კონტრუპილოტო სისტემა ელბიტ-ამერიკის წარმოების, რომელიც მოიცავს როგორც გადამჭერ რადარებს, ასევე ჩამხშობ რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, გაფორმდა კონტრაქტი და უახლოეს ხანში დაიწყება სპეციალისტების მომზადება. კომპლექსების მიღებაც დაგეგმილია წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სისტემა ჩაერთვება საჰაერო თვალთვალის ერთიან სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ცის უსაფრთხოებას“, - განაცხადა მინისტრმა.


სიტყვის გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებების შეძენაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში შეძენილია ტაქტიკური თერმული სადაზვერვო-სათვალთვალო საშუალებები. წლის ბოლოს/მომავალი წლის დასაწყისში კი, იგეგმება სახმელეთო თვალთვალის რადარების კომპლექტების შეძენა, ასევე   მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული და რადიო-სადაზვერვო საშუალებების შეძენასა და არსებული სისტემების განახლებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930