13-06-2022
როდესაც ჩვენი შიდა უპასუხისმგებლო ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ გარკვეული რეზოლუციების გამო, რძესთან და ყველთან დაკავშირებით, ამაზე ათასი ცინიკური განცხადებები გაკეთდა. ევროკავშირი რუსეთს ყოველ დღე უხდის 1 მილიარდ დოლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი ამ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან.
„და რა ხდება, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები? თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები და დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ? მე ამ კითხვებს ღიად ვსვამ და რა თქმა უნდა, ამ კითხვებს კიდევ უფრო ხმამაღლა დავსვამთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას.
ასევე, მინდა შევახსენო ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა ღიად და თქვა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და აქვე დაამატა, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენო, არამედ ეს ომი სხვაგანაც უნდა გადავიდესო, საქართველოში უნდა გადმოსულიყო მათი გეგმის მიხედვით. ახლა გავიხსენოთ ვინ იყო ამ პროცესში, ამ კამპანიაში ჩართული, რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მთელი თავისი სატელიტებით, ეს მეხუთე კოლონა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ალბათ გახსოვთ მათი კოორდინირებული მოქმედებები, დაწყებული მას შემდეგ, რაც გავაკეთე ცნობილი განცხადებები ომის დაწყებიდან ძალიან მალე, რომელიც, სხვათა შორის, მინდა ყველას შევახსენო, რომ ამერიკის ლიდერით დაწყებული, ევროპელმა ლიდერებმა, ბრიტანეთის პრემიერმა, ყველამ თითქმის, დაახლოებით იგივე, ანალოგიური განაცხადეს, ცოტა მოგვიანებით, თუმცა მაინც განაცხადეს იგივე. აქ არავითარი აცდენა არ გვაქვს ჩვენ, არც პოლიტიკასთან, არც მოლოდინებთან და პროგნოზებთან", - განაცხადა პრემიერმა.
1-11-2024
1-11-2024