16-06-2022
20 ივნისს დაგეგმილი აქცია აბსოლუტურად სხვა ქვედინებისაა, „სირცხვილიამ“ დაგეგმა და ეს ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილია, ეს საერთოდ ცდება ყველაფერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპულ ინტეგრაციას ამდაგვარი მხარდაჭერა არ სჭირდება.
„მათი მიზანი რა არის იცით? არ გამოვიდა აქცია, რომ მიშა საჭმელს არ ჭამს, შემდეგ ის, რომ მძიმედ არის, შემდეგ გვარამიას მოეწყინა საკანში, არ გამოვიდა ეს თემა, საზოგადოება ამაზე არ გამოდის და ახლა მოიფიქრეს, რომ ევროპული მხარდაჭერის თვალსაზრისით საზოგადოება შეიკრიბოს. მინდა გითხრათ, რომ იქ მისვლა პრაქტიკულად იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, მაგრამ ევროპულ ინტეგრაციას ამდაგვარი მხარდაჭერა არ ჭირდება, რატომ იცით? ეს კალკულაციას აღარ საჭიროებს, საზოგადოების 85% სრულიად სწორად, უფრო მეტიც უნდა იყოს, უკვე უჭერს ევროპულ ღირებულებებს მხარს, ამას გადათვლა და გამოთვლა აღარ ჭირდება, ეს უკვე ცნობილია და საზოგადოება მყარად დგას ფეხზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე მტკივებით, შესაძლოა აქციაზე მისული „თავები“ ვიღაცამ დათვალოს და სხვა მიზნებით გამოიყენოს.
„შესაძლოა ეს თავები ვიღაცამ გამოიყენოს ამ შინაარსით, მაგრამ სხვა მიზნით. ამიტომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიფრთხილე. როცა სათქმელია, უნდა ითქვას, როცა საჭიროა უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ უნდა გაკეთდეს ის, რაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს, თუნდაც კარგი მიზნით დაგეგმილი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
გარდა ამისა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, განცხადება, რომ „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას“, არც ბიძინა ივანიშვილისა და არც „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების რეკომენდაცია არ ყოფილა და მისი ბუნებრივი რეაქცია იყო.
„დეპუტატმა ასეთი განცხადება გააკეთოს არ არის მარტივი და ამას გარკვეული პასუხისმგებლობა სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე უკეთ იცის ბატონმა ბიძინამ, რომ მე მისგან არ მიმიღია რეკომენდაცია, მე ის კარგი ხანია არ მინახავს. ის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვა, ეს არის შენი პასუხისმგებლობა, ამას არავის შეხსენება არ სჭირდება, როცა დასაცავია ღირსება საზოგადოების, ქვეყნის და მას შეურაცხყოფას აყენებენ, აქ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, უნდა ითქვას სათქმელი. მე არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება, რა უნდა მეთქვა, მე ვისაუბრე იმაზე, რამაც ძალიან გამაბრაზა და ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სამართლიანი, იმ უსამართლობაზე, რაც დიმიტრი ხუნდაძეს კი არ შეეხო მხოლოდ ან მის ოჯახს, არამედ ეს შეეხო მთელს საზოგადოებას. ეს იყო ბუნებრივი რეაქცია ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანის. მაგრამ ის, რომ ჩემს რეაქციაზე სახალხო დამცველი მეუბნება, რომ „რას ამბობ, გაჩუმდი, როგორ ბედავ?“ მე ვფიქრობ, ეს არის სწორედ დანაშაული, როდესაც სათქმელია და არ ამბობ. მე რაც ვთქვი კიდევ შემიძლია გავიმეორო და ეს ასეა, ჩემი ქვეყნის ღირსებას როცა შეეხება ვინმე, თუნდაც ეს ევროპული უსამართლობა იყოს, მიუღებელია და ამაზე რეაქცია მექნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასთან, დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ბევრი ურთიერთ საწინააღმდეგო ნათქვამი იყო, ამბობდა ერთს და შემდგომ მისი ნათქვამი პირვანდელ მის ნათქვამს უპირისპირდებოდა“.
„გუშინდელი პრეზიდენტის გამოსვლის შეფასება არ არის მარტივი, რამდენჯერმე უნდა გადახედო მის ნათქვამს, ბევრი ურთიერთ საწინააღმდეგო ნათქვამი იყო, ამბობდა ერთს და შემდგომ მისი ნათქვამი პირვანდელ მის ნათქვამს უპირისპირდებოდა. არ იყო მარტივი შესაფასებელი, თუმცა იყო აქცენტები გაკეთებული, რომელიც პრაქტიკულად მისივე ძველ ნათქვამს ასწორებდა, მაგალითად ის, რომ ერთ სიბრტყეში დააყენა გვარამია, სააკაშვილი და ბატონო ბიძინა, მან ეს გუშინ პრაქტიკულად აღიარა და გამოასწორა, რომ ეს არასწორი იყო და ის თავს იმართლებდა, რომ ის არ აპირებდა იმას, რომ ერთ სიბრტყეში დაეყენებინა, პირიქით აქეთ დადო მმართველ გუნდს ბრალი, რომ ვერ იმუშავა.
თავიდან დაგვიწუნა ჩვენ პოლიტიკოსებს რეზოლუციის შეფასება და შემდეგ თვითონვე აღიარა, რომ რეზოლუციაში ძალიან ბევრი აცდენილი საკითხები იყო, მაგალითად იგივე სანქცირების თემასთან დაკავშირებით. ერთი მისი ნათქვამი მეორეს ეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
16-11-2024
16-11-2024