გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში მონოგრაფიის „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში" პრეზენტაცია გაიმართა

16-06-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფიის „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში" პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომის ავტორები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორები რამაზ ქურდაძე, ქეთევან მარგიანი, მაია ლომია და ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ნინო ჭუმბურიძე არიან. პრეზენტაციას ავტორებთან ერთად ესწრებოდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი მზექალა შანიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები.

 

მონოგრაფია „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ მომზადდა ამავე სახელწოდების სამეცნიერო პროექტის ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა განხორციელდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტში. „მონოგრაფია წარმოადგენს მეორე ნაშრომს ქართული და ქართველური ენების შესწავლის მიმართულებით, რომელიც ეხება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უნივერსალურ უარყოფის კატეგორიას ქართველურ ენებში. წიგნი არის ინტერდისციპლინური და ექნება დიდი გამოყენება როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, ასევე მომიჯნავე დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტების მიერ,“ - აღნიშნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

 

წიგნის ავტორის, რამაზ ქურდაძის თქმით, მონოგრაფია მოიცავს ქართველური ენების სისტემურ აღწერასა და ანალიზს ქართველ და უცხოელ ავტორთა  თეორიული  ნააზრევის  გათვალისწინებით. „კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია  სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ კოგნიციის ენობრივ გამოხატულებასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართველურ ენათა ტიპოლოგია ისტორიულ-შედარებითი პროცესებისა და  სინქრონული მონაცემების  გათვალისწინებით,“ - განაცხადა რამაზ ქურდაძემ.


მონოგრაფია სერიის „ქართველური ენათმეცნიერება“ მეორე წიგნს წარმოადგენს. პირველი წიგნი ეხებოდა ევიდენციალობის კატეგორიას ქართველურ ენებში. ასევე, დაწყებულია მუშაობა სერიის მესამე წიგნზე - „ინფორმაციის სტრუქტურა და ჰიპოტაქსური მოდელები ქართველურ ენებში“.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930