გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ კანცლერი: უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე საქართველოში

17-06-2022

ფინანსური გამჭვირვალობის  საკითხი იყო კიდევ ერთი თემა, რომელზეც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  გია შარვაშიძის, ადმინისტრაციის, პროფესურისა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრისას იმსჯელეს.

 

უნივერსიტეტის ბიუჯეტით დაინტერესებულ სტუდენტებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - ლაშა საღინაძემ განუმარტა, რომ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ამსახველი ინფორმაცია ეტაპობრივად ქვეყნდება უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე და საჯარო/ხელმისაწვდომია საიტის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ასევე, დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია, ელექტრონული ფორმით მოითხოვოს მისთვის საინტერესო ფინანსური ინფორმაცია და კანონით დადგენილ ვადებში მიიღოს ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისგან.’’

 

მანვე განმარტა თუ როგორ ნაწილდება უნივერსიტეტის სახელფასო ფონდი.

 

როგორც ლაშა საღინაძემ აღნიშნა, ,,უნივერსიტეტი ყოველწლიურად გადის ფინანსების აუდიტორულ შემოწმებას. უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და სენატის წევრებისგან დაკომპლექტდება და ჯგუფის ფარგლებში სამუშაო რეჟიმში განიხილება ის პრობლემები, კითხვები თუ რეკომენდაციები, რომელიც უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვისა თუ ხარჯვით ნაწილთან იქნება დაკავშირებული“.


სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 ივნისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930