1-07-2018
სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან და შვეიცარულ საკონსულტაციო კომპანია „SGS - Societe Generale de Surveillance SA“-თან ერთად ახორციელებს. რეფორმა ითვალისწინებს საქართველოს ავტოპარკის ტექნიკური გამართულობის - გამონაბოლქვის, სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სავალი ნაწილის და საბურავების პარამეტრების კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ავტომობილის არსებული პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს მის ქარხნულ პარამეტრებს.
ინსპექტირების გავლას საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება. აღნიშნული რეფორმა ასევე მომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ნორმატიული ბაზა.
ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისათვის დაწესდა გარკვეული გარდამავალი პერიოდი და ინსპექტირების მთელი პროცესი 2 წელზე გადანაწილდა. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. გრაფიკი გაწერილია ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.
მთავრობის დადგენილების შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური, მსუბუქი ავტომობილებისთვის - 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარია. ამავე დროს, ჯარიმის ოდენობა ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის მართვისთვის ფიზიკური პირისთვის 50 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარამდე განისაზღვრა.
18-12-2024