25-06-2022
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო გვენეტაძე შეხვდნენ. სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.
„ჩვენი მიზანია კერძო სექტორთან ერთობლივად ყველა არსებული გამოწვევის იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება აფერხებდეს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აქტიური კომუნიკაციით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძებნა. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ არამხოლოდ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, არამედ ზოგადად სფეროში არსებული გამოწვევები, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადაში ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
„დღეს გაიმართა შეხვედრა კერძო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება შრომის უსაფრთხოებასა და შრომის უფლებებს. ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია უფლებების რეალიზება ხდებოდეს, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისთვის და საჭირო ცოდნა, გამოწვევები ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატურად მიღებული და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული,“-განაცხადა ბექა ფერაძემ.
კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით შეხვედრაზე კონკრეტული გეგმები დაისახა, რომელთა განხორციელება სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციით მოხდება.
„ჩვენ წარმოვადგენთ რესტორატორთა ასოციაციას, დღეს შედგა „ჰორეკა“ სექტორის კომუნიკაცია სახელმწიფო სამსახურებთან, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, დღევანდელი მდგომარეობა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თემები. ჩვენ ვაპირებთ აქტიურ თანამშრომლობას. პრობლემა როგორც კი წარმოიშობა ჩვენ ვუკავშირდებით და გვარდება საკითხები ეს არის რეალობა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ასევე შრომის ინსპექციასთან. დღეს სექტორში წინსვლა გვაქვს, სფერო მზარდია“,-აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რაც უფრო ხშირად იქნება უფრო კარგია. ჩვენი სათქმელი მიგვაქვს ყველასთან და ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესის კიდევ უფრო დაახლოებას და განვითარებას. მთავარია ჩვენ დროულად მივიტანოთ პრობლემური საკითხები და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხები დროულად გადაწყდება,“-აცხადებს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.
16-11-2024
16-11-2024