26-06-2022
არაფერი სკანდალური ამაში არ არის - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ჩარიცხულ რუბლებთან დაკავშირებით განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, პირადად მას ყველაფერი გასაჯაროებული აქვს დეკლარაციაში, მისი ოჯახის შემოსავლებთან კი შეხება არ აქვს.
„არაფერი სკანდალური ამაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდისტულ ტელეარხებს ასე უნდათ წარმოაჩინონ, ბიძინა ივანიშვილს, პირველ რიგში ამ სისტემას, რომელსაც მე ძალიან პრინციპულად ვებრძვი. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად საჯარო, ღია, როგორც მემკვიდრეობის ფაქტი, ასევე ამ მემკვიდრეობით მიღებული 25 წლის განმავლობაში თანხების ფაქტი.
ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ნულოვანი ნდობა მაქვს ხელისუფლების მიმართ, მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა და უკვე მაქვს კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ნეიტრალურთან, რომ თავიდან ბოლომდე, აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი ჩემი ოჯახის, ანგარიშები იქნება თუ დოკუმენტები, ყველაფერი შეისწავლონ და გაასაჯაროონ. მე პირადად ყველაფერი გასაჯაროებული მაქვს დეკლარაციაში, მე აბსოლუტურად არ მაქვს შეხება ჩემი ოჯახის შემოსავლებთან, მაგრამ რადგან არის საჯარო ინტერესი, რა თქმა უნდა, ყველა მიუკერძოებელს შეუძლია ნახოს ყველა დოკუმენტი“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.
16-11-2024
16-11-2024