27-06-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია - დიალოგი წარსულის შესახებ: შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისათვის, რომელსაც გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ბერგჰოფის ფონდის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი დოქტორი ოლივერ ვოლე, თსუ რექტორის მოადგილენინო გვენეტაძე,პროფესორი გუგული მაღრაძე,სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.დისკუსია გერმანიის საელჩოსა და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდის“ პროექტის ფარგლებში გაიმართება.
ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო დიალოგთან დაკავშირებით ბერგჰოფის პროცესი 8 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ვინაიდან ქართული და აფხაზური საზოგადოებრივი ნარატივები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, საერთო ენის პოვნა მხოლოდ ომთან რაიმე შემხებლობაში მყოფი ადამიანების მეხსიერებაში არსებული ისტორიებით არის შესაძლებელი.
დისკუსიის მიზანია აზრთა თავისუფალი გაცვლის რეჟიმში წარსულის გააზრებისა და საზოგადოებებში არსებული ტრავმული გამოცდილებების შესახებ ღია და გულწრფელი საუბარი, აგრეთვე, ბერგჰოფის ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობის გაცნობა სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისათვის.
ბერგჰოფის პროცესმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა ორმხრივი სამოქალაქო დიალოგისთვის, რომელიც ორივე საზოგადოებაში წარსულის გადააზრების და გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა.
„ბერგჰოფის ფონდი“ გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლებია მუშაობს ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის მიმართულებით. ფონდი ახორციელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებულ პროექტს “ისტორიის შესახებ დიალოგი, როგორც საფუძველი ნორმალიზაციისთვის".
შეხვედრის დამსწრე სტუდენტებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ წარსულის შესახებ დიალოგის შესაძლებლობებს კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციის გზაზე, მოისმინონ ექსპერტთა მოსაზრებები და აგრეთვე ნახონ „ბერგჰოფის ფონდის“ საქმიანობის ფარგლებში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით მომზადებული ფილმი.
16-11-2024
16-11-2024