29-06-2022
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის, სვენია შულცეს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის ღია პროგრამის" დაფინანსების თაობაზე, რომლის მიზანია, საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
ხელმოწერის ცერემონია გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა, სვენია შულცემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა, KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა, ბოდო შმულინგმა. ასევე, პროექტის განსახორციელებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ხელმოწერილ იქნა საგრანტო შეთანხმებები.
სასესხო და საგრანტო შეთანხმებებით, ჯამში, გათვალისწინებულია, დაახლოებით, 55,4 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა, საიდანაც:
• 40 მილიონ ევროს სესხის სახით გამოყოფს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW)
• 15.35 მილიონი ევრო გამოყოფილი იქნება გრანტის სახით ევროკავშირისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (EU/KfW) მიერ.
დღესვე, გაფორმდა განსაკუთრებული შეთანხმება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და პროექტის განმახორციელებელ სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (MDF) შორის.აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ პროექტში ჩართულია, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს სასესხო და საგრანტო შეთანხმებები „შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი".
პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოსთვის გამოყოფს ფინანსურ რესურსს 40 მილიონი ევროს ოდენობით სესხის სახით და 10 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გრანტის (EU) სახით.
16-11-2024
16-11-2024