29-06-2022
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24 საათიან რეჟიმში კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტომობილებმა დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით შეუფერხებელი გადაადგილება შეძლონ. ამასთან, აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სრულად არის მობილიზებული, როგორც მებაჟე ოფიცრების შემადგენლობა, ასევე კონტროლის პროცედურებისთვის საჭირო ყველა ტექნიკური აღჭურვილობა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დღე-ღამეში 1000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა ჯერ დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი, რომელიც აღდგენილი იქნა 28 ივნისს) მდებარე მონაკვეთი, ხოლო შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე, ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალი საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი.
1-11-2024
1-11-2024