1-07-2022
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრის თანამშრომლობით გამართული კონფერენციისა და ტრენინგის ოფიციალურ დახურვაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების საკითხებს მიეძღვნა.
გამოსვლაში ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ რეფორმაზე, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების შემდეგ ხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზებას და ქვეყანაში ევროპული რეგულაციების დამკვიდრებას. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს განვითარებას ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ - ისა და ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში უნდა გაიზარდოს საკუთარი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე დაინერგოს თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიები. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ითვალისწინებს ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელებას.
კონფერენცია და ტრენინგი თბილისში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრის ორგანიზებით და აშშ - ის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელის ჩართულობით.
16-11-2024
16-11-2024