4-07-2022
ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდისგან გათავისუფლდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის გამცხადებით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ტურიზმის სექტორისთვის, რომელიც კოვიდ-პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
„საუბარია, ჯამში, 40 მლნ ლარის ოდენობის დახმარების პაკეტზე, რომელიც ქონების გადასახადის ჩამოწერას უკავშირდება. ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო კერძო სექტორის გაძლიერებას და ტურიზმის სწრაფად აღდგენაში დიდი როლი ითამაშა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის - არსებული თანხა კერძო სექტორმა მოახმარა ბიზნესის განვითარებას, დარგის აღდგენას, ახალი პროექტების განხორციელებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ტურისტულ და მასთან გათანაბრებულ სექტორებში დასაქმებული მეწარმეები გათავისუფლდნენ 2021 წლის ქონების გადასახადისაგან. ცვლილებას COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. შეღავათით 1200 მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს. შეღავათით ისარგებლებენ: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები; დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; სასმელებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. ამასთან, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.
16-11-2024
16-11-2024