4-07-2022
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში არსებული 13 სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს, სარგავი მასალის წარმოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოთხოვნები და სერტიფიცირების პროცესში გასავლელი ეტაპები გააცნეს და მათი ფიტოსანიტარიული მდგომარეობა შეაფასეს.
სპეციალისტების მიერ განხორციელდა სარგავი მასალის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირებაც, რომელიც სერტიფირების სისტემის დანერგვის ფარგლებში მიმდინარეობს. ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების უზრუნველსაყოფად, ფერმერებისთვის რეკომენდაციები გაიცა.
საქართველოში სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში მიმდინარეობს. სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებული სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ სანერგე მეურნეობის კვალფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წელს დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის წამომადგენლები, საველე ინსპექტირებისას, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ხელმძღვანელობენ.
სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით უზრუნველყოფს, რაც იმპორტირებული მასალის ჩანაცვლებას და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მომხმარებელს კი, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან დაიცავს.
16-11-2024
16-11-2024