5-07-2022
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე"- მასშტაბური საინვესტიციო პროექტი, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გამოტანას ითვალისწინებს, პრეზენტაციის სახით წყალტუბოში მიწვეულ სტუმრებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წარუდგინა. ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
„წყალტუბო არის ჩვენი უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა. სამწუხაროდ, 90-იან წლებში კურორტმა თავისი დიდებულება დაკარგა, ამ პერიოდში ბევრი რამ განადგურდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და იმგვარად აღვადგინოთ, რაც წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს ნამდვილად დაუბრუნებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი შეფასებით, წყალტუბოს აღდგენის პროექტი სამთავრობო გუნდი კოორდინირებულად მუშაობის შედეგია.
„როგორც ყველამ იცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო კურორტ წყალტუბოს სრულყოფილად და სრულად აღდგენა და ამაზე სამთავრობო გუნდი მუშაობს ერთსულოვნად, მაღალ დონეზე კოორდინაციით. მსურს მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელიც გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობდა იმისთვის, რომ კურორტის განვითარება იყოს გეგმაზომიერი, ისეთი, რომ შევინარჩუნოთ კურორტის მთავარი ღირებულება და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც წყალტუბოს გააჩნია", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში სახელმწიფოს გასაყიდად გამოაქვს წყალტუბოში მდებარე 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის სასტუმრო, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.
პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის განხორციელების შედეგად, წყალტუბო გახდება მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს. წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ დასვენების უმაღლეს ხარისხს, ეკოლოგიას და ბუნების ძეგლებს.
16-11-2024
16-11-2024