გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურა: მერაბიშვილი საკანში შეხვდა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს, იქეიფა მათთან და დახმარება აღუთქვა

5-01-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი: „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. - ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ.თბილისში, კაფე-ბარ ,,შარდენბარში“ ალექსანდრე გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მეუღლის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.
გამტაცებლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები ალექსანდრე გირგვლიანის გვამი აღმოჩენილი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით დადგენილია, რომ მომხდარი დანაშაულისა და დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ პირველივე დღეებიდან იყო ინფორმირებული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულში დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანხმობითა და მისგან უპირობო მხარდაჭერის გარანტიების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის,საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩანა ახალაიას და მისი ძმის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას მიერ, ურთიერთშეთანხმებულად დაიგეგმა და მათზე დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციის და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.
კერძოდ, ივანე მერაბიშვილი, რომელმაც დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლები, საქმესთან შემხებლობა ჰქონდა მის მეუღლეს და დანაშაულის ორგანიზატორი იყო დავით ახალაია, ვალდებული იყო უზრუნველეყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან საქმის გამოძიების ხელმძღვანელობა დაავალა თავად დანაშაულის ორგანიზატორს დავით ახალაიას.
შესაბამისად, გამოძიებას მიკერძოებულად აწარმოებდნენ ივანე მერაბიშვილის უწყების გამომძიებლები, რომლებიც სამსახურებრივად დაკავშირებული იყვნენ საქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებულნი იყვნენ იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყვნენ საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით. აღნიშნულის გამო არ იქნა უზრუნველყოფილი საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება.
თავის მხრივ, დავით ახალაიამ, 2006 წლის თებერვლის თვის მეორე ნახევარში, შეკრიბა გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამოდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და პრეზიდენტის შეწყალებით ხანმოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ სასჯელისგან. გარდა ამისა, საპატიმროში ყოფნის პერიოდში, თითოეულს დაპირდა ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად თანხებს და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებული იყო სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილიგირებული პირობების შექმნასთან.
აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა რომ დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც - გერონტი ალანიაც. ამ გზით, დავით ახალაია და ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა მაღალი თანამდებობის პირები აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან.
გენერალურ პროკურატურაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე დღეს, მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც ასევე შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით გათავისუფლებას. ამასთან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ შეჰპირდა დავით ახალაიას, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ. აღნიშნული შეპირება პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებისთანავე იქნა გაჟღერებული დავით ახალაიას მიერ გ.ალანიას, ო.მელნიკოვსა და პასუხისგებაში მისაცემ სხვა პირთათვის.

აღნიშნული უკანონო დაპირებების მიღების შემდგომ ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიას და შს სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება იმგვარად დაიგეგმა და წარიმართა, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ მხოლოდ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს, ხოლო დავით ახალაია და სხვები უკანონოდ აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან.
დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, ამავე დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.
დავით ახალაიას მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს ე.წ. „მოდულის“ შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში, იქეიფა მათთან ერთად საკანში გაშლილ სუფრაზე, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ და უთხრა, რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დავით ახალაიას მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდეც.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად ჯანმრთელობის დაზიანების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გერონტი ალანიას თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და ექვსი თვის ვადით, ხოლო მიხეილ ბიბილურიძეს, ავთანდილ აფციაურს და ალექსანდრე ღაჭავას- 6 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბაჩანა ახალაიას ძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით.
გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დავით ახალაიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ თითოეულს 100 000 აშშდოლარი.
2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება.
ამდენად, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა დანაშაულებრივმა მოქმედებებმა, რასაც სათავეში ედგა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განაპირობა ის, რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება, მოხდა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დავით ახალაიას და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას მიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930