გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩანაწერი პერსპექტივის თაობაზე იძლევა იმის საშუალებას, რომ იმაზე მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ვიდრე დაგეგმილი იყო

6-07-2022

ჩვენ უკვე მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სამი ქვეყნის მიმართ კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით განხილვას - ესეც ძალაშია. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა იმისა, რომ დეკემბერში ჩვენ შეიძლება მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი არის იმაზე უკეთესი ვიდე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, თუმცა ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარება და ფონი გარკვეულწილად ართულებს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

 

მისი თქმით, ჩანაწერი პერსპექტივის თაობაზე იძლევა იმის საშუალებას, რომ იმაზე მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ვიდრე მანამდე იყო დაგეგმილი.

 

„არის ექსპერტული გადაწყვეტილება, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროკავშირი რომ იღებდეს ექსპერტულ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ აქვე პირობას, 12-ვე პუნქტი ისე შესრულდება, რომ ობიექტური შემფასებელი აუცილებლა მოგვანიჭებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ეს ევროკავშირზეა დამოკიდებული. ეს ცალსახად, ერთი რომ არის წინგადადგმული ნაბიჯი და მეორე, ჩანაწერი პერსპექტივის თაობაზე იძლევა იმის საშუალებას, რომ იმაზე მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ვიდრე მანამდე გვქონდა დაგეგმილი.

 

მანამდე იყო 2024 ში დაგეგმილი განაცხადის შეტანა, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით 2 წელიწადში იღებენ ქვეყნები კანიდატის სტატუსს, კარგ შემთხვევაში. ანუ 2024-ში შევიტანდით, 2026-ში მივიღებდით, თუმცა ეს ჩანაწერი პრაქტიკული თვალსაზრისითაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე სტანდარტული სცენარით იყო დაგეგმილი. ეს შეიძლება მოხდეს მათ შორის, დეკემბერში და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. ანუ, ის ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის თაობაზე იძლევა ამის საშუალებას, ანუ აძლიერებს ჩვენს პოზიციებს, როდესაც დეკემბერში განიხილება კანდიდატის სტატუსი. ამ კუთხითაც არის პრაქტიკულ თვალსაზრისით ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასთან, მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სიმართლე, რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძალიან გრძელი გზა.

 

„უკრაინასთან დაკავშირებით ღიად ამბობენ, მათ შორის უკრაინის მიმართ ყველაზე მეგობრულად განწყობილი ქვეყნებიც, რომ სავარაუდოდ, სადღაც 2050 წლისთვის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი. მაგალითად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ეს. ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ სამუდამო მოსაცდელში შეიყვანეს, ანუ კიდევ უფრო მძიმედ დახატა მან სურათი უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, სამუდამო მოსაცდელში შეიყვანა ევროკავშირმა როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა. მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის პროგრონოზები, რაც კეთდება უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით და ბევრი მიზეზი აქვს ამას, თუმცა ჩვენ გვაქვს მეტი ოპტიმიზმის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას და მოლდოვას ჩვენზე ადრე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური მიზეზების გამო, ყველა თვალსაზრისით უკრაინა და მოლდოვა ბევრად ჩამორჩება საქართველოს. ეს ეხება მათ შორის, დემოკრატიას, კონსტიტუციურ სისტემას, ადამიანის უფლებების დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკურ გარემოს, საგარეო ვაჭრობას, და ა.შ. ჩვენ ვართ დაახლოებით ერთი თავით მაღლა, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა ყველა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს როდის მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ შეგვიძლია ბევრად უფრო ადრე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ საუბარია უკრაინის შემთხვევაში 2050 წელზე, კარგი პრაქტიკა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან დაახლოებით 12 წელიწადში ხდებიან, 12-14 წელი სჭირდება ხოლმე კანდიდატის სტატუსის მიღებას.


პროგნოზი მონტენეგროსთან, სერბეთთან დაკავშირებით, რაც არის კარგი მაგალითი, არის სწორედ 12-14 წლიანი. შესაბამისად, ჩვენ გვიჩნდება იმის პერსპექტივა, რომ თუ დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, სადღაც 2032-2034 წლისთვის შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, მაგრამ სიმართლეს რომ გავუსწოროთ თვალი პრაქტიკა ასეთია. თუ ავითვლით 2022 წლიდან, ასე გამოდის. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხაროდ ძალიან შორი პერსპექტივა, მაგრამ არის კონკრეტული და მკაფიო პერსპექტივა, რაც აქვს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, გვჭირდება სტრატეგიული მოთმინება მათ შორის ამ მიმართულებით და ჩვენ ვიმოქმედებთ ზუსტად ასე. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს მუდმივად ხელშესახები შედეგები. ეს იყო ჯერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან დიდი დაფინანსების წყარო, დაახლოებით 100 მილიონი ევრო წელიწადში, ვიღებთ ზუსტად იგივე დაფინანსებას, რასაც იღებენ კანდიდატი ქვეყნები დღესაც, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა და ვიზალიბერალიზაცია, რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. მეოთხე მიღწევა არის ჩვენთვის ევროპული პერსპექტივა და მეხუთე იმედი გვაქვს ეს იქნება უკვე დეკემბერში -კანდიდატის სტატუსი. ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დავიწყეთ, 2012 წლიდან დღემდე, 10 წელი, მაგრამ უკვე გვაქვს 4 მიღწევა, 10 წლის თავზე იმედია იქნება მეხუთე მიღწევაც და საბოლოო ჯამში, ჩვენ თანმიმდევრულად ვივლით იმ მიზნისკენ, რასაც ჰქვია ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930