2-07-2018
2017-2018 სასწავლო წელს სკოლებში დისციპლინური გადაცდომის, აკრძალური ნივთების აღმოჩენის, ფიზიკური დაპირისპირების და კონფლიქტის, ასევე ვანდალიზმის სულ 96 084 შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა დღეს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
მინისტრის მოადგილის თქმით, გამოვლენილი დარღვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა დისციპლინურ გადაცდომას უკავშირდება. რაც შეეხება აკრძალული ნივთების შეტანას სკოლაში, გიგაური ამბობს, რომ მაღალი რისკის მქონე ნივთების შეტანა დიდი რაოდენობით არ ხდება, „თუმცა ასეთი ნივთების შეტანა პირდაპირ უკავშირდება მედიაში გახმაურებულ ინფორმაციებს, რომ მოსწავლეებმა დაჭრეს, ან იჩხუბეს“.
„როცა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, გამოიკვეთა გარკვეული შიშები, ანუ როცა ინფორმაცია ვრცელდება, რომ ვიღაცამ ვიღაცა დაჭრა, ის მოსწავლეები, ვისაც გარკვეული შიშის ფაქტორი აქვთ, მეორე დღეს სკოლაში რაიმე ნივთით შეიარაღებულები მიდიან“, - აღნიშნა გიგაურმა.
მინისტრის მოადგილემ ცალკე ისაუბრა დარღვევებზე, რომლებიც 14 წლამდე მოზარდებს ეხება.
„14 წლამდე მოზარდებში გამოიკვეთა დარღვევები, რომლებიც აზარტულ თამაშებს უკავშირდება და ეს ეხება როგორც კომპიუტერულ თამაშებს, ასევე ბანქოს, ასევე გამოიკვეთა აკრძალული ნივთების ფლობა, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
დღეს განათლების სამინიტრომ საკანონმდელო ორგანოში ჩაგვრის აღმოფხვრის სტრატეგია წარადგინა.