7-07-2022
ირაკლი კობახიძემ გადაცემაში თქვა - საქართველოში რომ ომი იყოს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მისი აბსოლუტურად სწორი ნათქვამი როგორ გადაატრიალეს - თუ არ იქნება ომი, არ იქნება სტატუსი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი live”-ში განაცხადა.
მისი თქმით, არავის უთქვამს, ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსი არ იქნება, ეს არ უნდა დააბრალო, ასეთი სიბინძურე არ უნდა იკადრო, რასაც რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიები აკეთებენ.
„ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებაო არავის უთქვამს. ჩვენ იმედი გვაქვს რომ იქნება, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება, ვერსია, რა შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსი გვექნება, არის თუ არა, ქვეყანა რომ იყოს საომარ მდგომარეობაში? ანუ, თუ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ან ირაკლი ღარიბაშვილი, ან „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი ამბობს ამას კი არა, ამბობენ ევროპელი ლიდერები მათ შორის, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი. მისი სიტყვებია ხო? ჩვენი სიტყვები ხომ არ არის რომელიმესი, რომ ომი იყო ის ფაქტორი, რის გამოც ეს პროცესები დაჩქარდა და ამგვარად დალაგდა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, სამივეს პერსპექტივა და ძალიან კარგია ეს, მაგრამ უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ, მოლდოვას მძიმე მდგომარეობის გამო, მისი სიტყვებია და უკრაინას ომის გამო. ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა.
ხომ ყველამ ვიცით, რომ რომ არა ახლა უკრაინაში ომი, საერთოდ არ იყო საუბარი. საქართველოში მმართველი პარტია ამბობდა, რომ 2024-ში უნდა შევიტანოთ განაცხადი, ანუ შემდეგი ნაბიჯი წარმატებულად მიჩნეული იყო 2024-ში განაცხადის შეტანა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება, განაცხადის შეტანა და აქამდე უნდა მივსულიყავით, ამას მყარი არგუმენტები სჭირდებოდა. ახლა, უკრაინის ამ მძიმე მდგომარეობამ, რაც გამოიწვია რუსეთის საოკუპაციო მიზნებმა, საშინელმა ომმა, ადამიანების, მშვიდობიანის თუ სამხედროების დახოცვამ და უკრაინის ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებამ იმისთვის, რომ მორალური სტიმული მიეცათ, პოლიტიკური მხარდაჭერა გამოეხატათ ჩვენ დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს და ძალიან კარგი, ამან გამოიწვია ეს, ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით. ის, რომ მოლდოვა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თავისი ქვეყნის მოსახლეობის ლამის მეოთხედი თუ მეხუთედი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა, ამიტომ მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა და სტიმული იყო ასევე მოლდოვისთვის, ეს ხომ ყველამ ვიცით? და რას ვლაპარაკობთ ახლა, ანუ მაშინ გამოდის, რომ ჩვენც რომ ვიყოთ საომარ მდგომარეობაში არ მოგვცემდნენ? ასეთი ცუდები არიან ევროპელები? მაშინ საპირისპირო კითხვა დავსვათ - არა, მოგვცემდნენ ნამდვილად. ჩვენც დაგვიჭერდნენ პოლიტიკურად და მორალურად მხარს.
შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვა დავუსვათ ჩვენს თავს, არ გავცეთ პასუხი, მაყურებელმა, საზოგადოებამ, ვინც გვაკრიტიკებს იმ ხალხმა გასცეს პასუხი, ახლა რომ ჩვენც საომარ მდგომარეობაში ვიყოთ, ჩვენც გვექნებოდა თუ არა კანდიდატის სტატუსი? პასუხი რაც გაიფიქრეთ, ეს არის მართალი, კი ბატონო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ უნდა დაუმახინჯო ადამიანს და უნდა თქვა, რომ ასე თქვა - თუ არ ვიომებთ მაშინ არ იქნებაო, ეს არ უნდა დააბრალო, ასეთი სიბინძურე არ უნდა იკადრო“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024