2-07-2018
ცნობილი ქართველი მსახიობი ნინო (ნინიკო) ჩხეიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ოთხი ათეული წლის განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მოღვაწეობდა.
მსახიობი 1919 წლის 19 მარტს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
მას ბრწყინვალე სახასიათო როლები შექმნა სცენაზე და ქართულ კინოში.
1943 წლიდან თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია; განასახიერა 150-მდე სხვადასხვა ხასიათის როლი, მათ შორის აღსანიშნავია თინათინი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ეკა (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ლამაზისეული და მკითხავი (ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!"), ძიძა (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), პეპელა (გ. მდივნის "ვარდო"), მართა (ა. პარონიანის "ძია ბაღდასარი"), ეკა (რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცის ქვრივი"), კნეინა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), სოფიო (ა. წერეთლის "ბუტიაობა"), გადია (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), ცაცანა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვა; მისი შემოქმედება გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სცენური სიმართლით და იმპროვიზაციის ნიჭით; გადაღებულია ფილმებში: "მაგდანას ლურჯა", "კარდაკარ", "მიხა", "ერთი ცის ქვეშ", "მე ვხედავ მზეს", "ხათაბალა", "დათა თუთაშხია" და სხვა; დაწერა წიგნი თავის ძმაზე - "უშანგი" (1998).
მაყურებელს იგი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა სპექტაკლში „ეზოში ავი ძაღლია“ და გოდერძი ჩოხელის ფილმიდან „ადამიანთა სევდა“.
ნინო ჩხეიძე ლეგენდარული ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის და იყო, რომლის ცხოვრებას და შემოქმედებას მონოგრაფია მიუძღვნა.