8-07-2022
საქართველო, მთელი ევროპა და მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს და მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა.
„რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში, პოლიტიკურს, ეკონომიკურს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას. ბატონო კანცლერო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე. ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024