16-07-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის ჰიდროგრაფიული კატამარანის გადაცემისა და „საქართველოს ფოსტის" მიერ გამოცემული საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების" პრეზენტაციაში, რომელიც ფოთში, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურში ოფისში გაიმართა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსმა რევაზ ბაბილუამ, სს „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კორეის რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში დაესუ ჩანგმა.
მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს ზღვაოსნობის დიდი ხნის ისტორია აქვს და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე ამ დარგის ყველაზე დიდი სიმბოლოების - შუქურების გამოსახვა ამის დასტურია. „სიმბოლურია, რომ მარკის პრეზენტაცია იმართება ფოთის შუქურის სიახლოვეს, რომელიც 1864 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. მარკაზე ასევე დატანილია სოხუმისა და ბათუმის შუქურებიც, რომლითაც ჩვენ გვინდოდა აქცენტი საქართველოს საზღვაო ისტორიაზე გაგვეკეთებინა. თუმცა ჩვენ დღეს ასევე აღვნიშნავთ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს - საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჰიდროგრაფიულ კატამარანზე, რომელიც კორეაში დამზადდა და ქართულ მხარეს გადმოეცა. კატამარანი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მრავალსხივიანი ექოლოტით, რომელიც ზღვის სიღრმეების აზომვას მაღალი სიზუსტით ახდენს, რაც სანავიგაციო რუკების შექმნისათვის აუცილებელი კომპონენტია და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი გარანტორია," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოში საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ოფიციალური პირების გამოსვლების შემდეგ, კატამარანი ზღვაში ჩაუშვეს, სადაც ის თავის ფუნქციას - ჰიდროგრაფიული მონაცემების აზომვას განახორციელებს. სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით 2020 წლის დეკემბრიდან საქართველოში ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის დანერგვას პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიას კორეულმა მხარემ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია, საქართველოს პორტები აღიჭურვა ძვირადღირებული ოკეანოგრაფიული ტექნიკით, ასევე ჩატარდა ერთობლივი კვლევები, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალი გადამზადდა კორეის რესპუბლიკის ოკეანოგრაფიულ სააგენტოში.რაც შეეხება საფოსტო მარკას „საქართველოს საზღვაო შუქურები", ის „საქართველოს ფოსტამ" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. სამივე შუქურას დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოში საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობის ხაზგასმის და საქართველოს როგორც საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა გააგზავნეს საფოსტო ბარათები ფოთის საზღვაო შუქურის გამოსახულებით.
16-11-2024
16-11-2024