3-07-2018
ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით საქმის აღძვრას ითხოვს.
ამ განცხადებით ყოფილმა დეპუტატმა მთავარ პროკურატურას დღეს მიმართა.
როგორც დავითაშვილი აცხადებს, „რუსთავი 2“-ის ეთერში ექსპრეზიდენტმა აღიარა, რომ ჩანაწერი ვანო მერაბიშვილთან ერთად მისი დაკვეთით მომზადდა, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კი დეპუტატის ფარული მიყურადება აკრძალულია. მისი თქმით, ეს ფაქტი სრულყოფილად არ გამოიძიეს. მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების დაკვეთით მასზე სამჯერ მოხდა თავდასხმა, ერთხელ კი ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობას.
საუბარია 2006 წელს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ფარულად მომზადებულ ჩანაწერზე, რომელშიც, როგორც დავითაშვილი ამბობს, საიდუმლო თანამშრომელი მას გარკვეული თანხის სანაცვლოდ საპარლამენტო სიაში შეყვანას ჰპირდებოდა.
„მოვითხოვე, მიხეილ სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყოს მათი მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც პრაქტიკულად მან აღიარა „რუსთავი 2“-ის ეთერში. სააკაშვილმა გაანდო საზოგადოებას, რომ ფარული ჩანაწერი, რომლის გაკეთებაც კანონით დეპუტატის მიმართ აკრძალული იყო, განხორციელდა მერაბიშვილის მიერ სააკაშვილთან შეთანხმებით. მან სააკაშვილს ახარა, რომ დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად აქცევდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო ნიკა გვარამიას. მან მრავალი წლის დაგვიანებით გაიხსენა, რომ ოდესღაც პროკურორის მოადგილე იყო და ეთერში დაჰკითხა მიხეილ სააკაშვილი. ჩემს მიმართ იმდენი უბედურება მოხდა, ერთმანეთში ერევა ყველას. სამი თავდასხმა, ერთი მკვლელობის მცდელობა. ამაზე არ აღძრულა საქმე. მაშინ ეს ყველაფერი გაფორმდა როგორც სუფრის წევრის პირადი მასალა, რომელმაც მიაწოდა მედიას ჩანაწერი. ეს ადამიანი ავარიაში გარდაიცვალა. მე ამ გარემოებების გამოძიებასაც მოვითხოვ. ვფიქრობ, მოწმე სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიშორა. ვითხოვ გამოძიებას იმ საქმეზე, რაც აქამდე არ ყოფილა. მაშინ მოქმედი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით არ შეიძლებოდა ჩანაწერის მომზადება. მათ კონფიდენტის მეშვეობით გაავრცელეს „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩემი პოლიტიკური მკვლელობის მიზნით. ეს უკანონო მიყურადება იყო“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.
18-12-2024