გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის დირექტორს რონალდ დებრუინს უმასპინძლა

21-07-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის დირექტორთან, რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს COST-ის სრულფასოვანი წევრობის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ქართველ მეცნიერებს განვითარების უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა რონალდ დე ბრუინს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა უდიდესი თანადგომა გამოიჩინეს, როდესაც მიმდინარე წლის 30-31 მარტს, პარიზში გამართულ უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროპული თანამშრომლობის ოჯახში საქართველოს სრულფასოვან წევრად მიღებას.


მინისტრის თქმით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში COST-ის ასოციაციის სრული წევრობა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას, ჩაერთოს ორგანიზაციის სტრატეგიული მომავლის ფორმირების პროცესში. შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს Horizon Europe-ის წევრობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით გახდა. მინისტრის თქმით, 2021 წლის 7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროკავშირის ამ უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევით საგრანტო პროგრამაში.


მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს COST-ისა და Horizon Europe-ის წევრობა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით. თავის მხრივ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის დირექტორმა რონალდ დე ბრუინმა პირადად გადაუხადა მადლობა მიხეილ ჩხენკელს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, COST-ის წარმომადგენლები უკვე აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან, რაც ძალიან ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობაა.


რონალდ დე ბრუინმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მეცნიერები მაქსიმალურად ჩაერთვებიან და ისარგებლებენ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც მათ COST-ი სთავაზობს. მისი თქმით, 2022 წლის შემოდგომაზე ბრიუსელში გაიმართება COST-ის ხელმძღვანელთა კომიტეტის მორიგი შეხვედრა, სადაც საქართველო უკვე სრულფასოვანი წევრის სტატუსით ჩაერთვება.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა COST-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი სირდ ქლოეთინგი, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც COST-ის, ასევე Academia Europea-ს მიმართულებით. მისი თქმით, პირადად მიხეილ ჩხენკელისა და მისი უწყების ძალისხმევით, ქართველი მეცნიერებისთვის სულ უფრო მეტი განვითარების, დაფინანსებისა და საყოველთაო აღიარების მოპოვების შესაძლებლობა ჩნდება.


თავის მხრივ მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრი ხელს უწყობს საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში და ეხმარება ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლაში. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და დამატებითი პროგრამების შემუშავება კონკრეტულად ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებისთვის. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ევროპული აკადემიის - Academia Europea-ს რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.


აღსანიშნავია, რომ საქართველო და უკრაინა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრები 2022 წელს გახდნენ. შედეგად, ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულად ისარგებლონ COST-ის მრავალფეროვანი ქსელური ინსტრუმენტებით, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა COST-ის ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით. ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა და მასთან პირადად განიხილა COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი. 2022 წლის 14 თებერვალს მიხეილ ჩხენკელმა ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ შესაბამისი განაცხადი გააკეთა.


30-31 მარტს პარიზში უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უკრაინის ევროპული თანამშრომლობის ოჯახში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი და ორივე ქვეყანა COST-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა. COST-ის ასოციაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1971 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპელ მკვლევრებს შორის კავშირების დამყარებას, ასევე, მათი კვლევითი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას სემინარების, ვორქშოფების, კონფერენციების ჩატარების, საზაფხულო სამეცნიერო სკოლების შეთავაზებითა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930