3-07-2018
ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულების პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის, ამავე დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო.
სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2008-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების - ი.ჭ.-ს, თ.გ.-ს, ლ.კ.-ს და გ.გ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ მოპყრობას, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.
კერძოდ, ზუგდიდის N4 დაწესებულებაში შესახლებისას ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. პატიმრებს ასევე უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე.
სასამართლო განხილვისას დაიკითხა 70-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ი.ჭ., თ.გ., ლ.კ., და გ.გ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თითოეულს 4 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ ერთი მეოთხედით და საბოლოოდ თითოეულს განესაზღვრათ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
18-12-2024