გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაში

25-07-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესის (InternationalComparativeLiteratureCongress) მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ  ლიტერატურისა და კრიტიკის დარგში ამ უდიდესი სამეცნიერო და კულტურული ფორუმის თბილისში ჩატარება  უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან კრიტიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებს, კულტუროლოგებს, მთარგმნელებსა და მწერლებს. სწორედ ეს ხდის ღონისძიებას ასე უნიკალურს.

 

მინდა აღვნიშნო, რომ კონგრესს ხანგრძლივი ისტორია გააჩნია და გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მე ნამდვილად მოხარული ვარ, რომ 2022 წელს თბილისი მსოფლიოს ამ შესანიშნავი ქალაქების სიას შეუერთდა.

 

მჯერა, რომ კონგრესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ მთლიანად ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, სადაც შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესი იმართება.

 

მინდა ხაზი გავუსვა წლევანდელი კონგრესის თემას - „მსოფლიოს ლიტერატურის გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური" რომელიც მართლაც შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა განხილულ იქნას თანამედროვე მსოფლიოსა და ქართული ლიტერატურის საკითხები. რაც შეეხება საერთაშორისო კონგრესის განსხვავებულ ფორმატს, იგი მორგებულია ქართული ლიტერატურის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბების გაზრდასა და ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციაზე.

 

დარწმუნებული ვარ, შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადაა მხარი დაუჭიროს ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებს, რათა ხელი შეუწყოს დარგის პროფესიონალებისა და ექსპერტების ჩართულობას და მათ გაერთიანებას მთელი მსოფლიოდან.

გისურვებთ წარმატებულ ღონისძიებებსა და ნაყოფიერ დისკუსიებს კონგრესის ფარგლებში!“

 

აღსანიშნავია, რომ შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესი ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში ყველაზე მასშტაბურ და კომპეტენტურ სამეცნიერო და კულტურულ ფორუმად არის აღიარებული.

 

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან  კონგრესი სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და როგორც წესი, წამყვან საუნივერსიტეტო ცენტრებში იმართება. კონგრესს სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ ვენეცია, ტოკიო, პარიზი, ვენა, მაკაუ და ა.შ. სხვა ქალაქები. მათ რიგებს 2022 წელს თბილისი შეუერთდა.

 

კონგრესის თბილისში  გამართვის უფლება შედარებითი ლიტერატურის ქართულმა ასოციაციამ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით მოიპოვა. საბჭოს საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოდან წარდგენილმა წინადადებამ გაიმარჯვა, 2019 წელს იქნა მიღებული, რაც საქართველოს მიმართ უდიდესი ნდობის გამოხატვაა.

 

კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს ათასობით დელეგატის მონაწილეობას - მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსების, ლიტერატურათმცოდნეების, კულტუროლოგების, მთარგმნელების, მწერლების ჩართულობას. კონგრესის პლენარული მომხსენებლები, როგორც წესი, წარმოადგენენ მსოფლიოს წამყვან ლიტერატურულ ცენტრებს.

 

თემა - „მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები", რომელიც დარგის წამყვან სპეციალისტებს შორის ინტენსიური კომუნიკაციისა და დიალოგის ფორმატში შეირჩა, კარგად მოერგო როგორც ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის პრობლემებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტს.

 

ადგილობრივი მწერლობისა და კულტურის უკეთ გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს ინტერდისციპლინურ მოხსენებებს, ასევე სხვადასხვა სახის ვორკშოპებსა და თემატურ შეხვედრებს.

 

კონგრესის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერია, საკრებულო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი,  თბილისში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას მასპინძლობს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930