3-07-2018
საპარლამენტო კომისიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ანრი ოხანაშვილმა კომისიის მუშაობა შეაფასეს. მათი განაცხადებით, საგამოძიებო კომისია არღვევს წესებს, რომლითაც საგამოძიებო კომისია უნდა ხელმძღვანელობდეს.
“ამ კომისიას აქვს დადგენილი წესები, რაც კანონში წერია. ნელ-ნელა იმდენად კარგავს ეს კომისია ამ სტანდარტს, ეს ჩემი მკაფიო და ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ ისეთ სტანდარტებზე გადავდივართ როდესაც თავად აბიჯებს კომისია კანონის მოთხოვნებს და სხვებს ვთხოვთ კანონის დაცვას. მე ეს მაღელვებს. მინდა რომ ამ კომისიას ჰქონდეს ის ლეგიტიმაცია რაც მას პარლამენტმა მისცა. პარლამენტის უმრავლესობამ მისცა ეს მანდატი ამ კომისიას. ზოგი ჩვენი კოლეგა ისე შედის როლში, რომ თავი ჰგონია მოსამართლე და არც ტონს უკვირდება და არც შინაარსს. ამის დასტური იყო გუშინდელი დღეც. ბატონი კუპრავა მოიყვანეთ და ორი კითხვის გარდა საერთოდ კითხვა არ დაგისვამთ. შეურაცხყოფაზე რომ გადავიდა და კომისიის წევრებს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა რეაქცია ვერ დავინახე, სამწუხაროდ. გარდა იმისა, რომ რამდენიმე კომისიის წევრი, თქვენი კოლეგა დარცხვენილი იყურებოდა. არავის არ მოეწონა ვინც ადეკვატურად უყურებდა ამ პროცესს რაც ხდებოდა მის დაკითხვაში. ახლა ვხედავ სულ სხვა სტანდარტს, როცა ვკითხავთ იმ პირებს რომლის მიმართაც კომისიას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური კითხვები, რათა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია. სამწუხაროდ, გუშინდელმა გადაწყვეტილებებმა და მიდგომამ, როდესაც ამ კომისიის უმრავლესობის წევრებმა გადააბიჯეთ კონსტიტუციასაც და კანონსაც, პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნაზე რეკომენდაციას დაუჭირეთ მხარი, მაშინ როცა ამის უფლება არ აქვს არც ერთ კომისიას. მაშინ როცა ასეთი მანდატით არ არსებობს არც ერთი ორგანო, როგორი ხმების უმრავლესობითაც არ უნდა იყოს შექმნილი. ამის მერე მე ნაკლებად გამიკვირდება რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ ისეთ სულსწრაფობას აქვს ადგილი, რომ დასკვნებს უკვე ვაკეთებთ, არ ველოდებით აქ მნიშვნელოვან ადამიანებს რომლებიც უნდა მოვიდნენ და მოგვცენ ჩვენება. მე რასაც ვუყურებ აქ ჩვენ წესებს ვერ ვიცავთ, ყოველ შემთხვეაში იმ ეტაპამდე სადამდეც შესაძლებელია ამ კომისიამ შეინარჩუნოს მინიმალური სახე მაინც, რომ მას ჰქონდეს იმის ლეგიტიმაცია, რომ დასკვნა მიიღოს, მართლაც რეკომენდაცია და მართლაც შეაფასოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რა მოხდა. ისე ნუ გააკეთებთ, რომ მართლა მარტო დარჩეთ მერე და აზრი არ ჰქონდეს იმას რასაც წერთ და რასაც აკეთებთ. ეს კომისია, თავის შინაარსით და კანონის უპატივცემულობით ნელ-ნელა თავის სანდოობას კარგავს. განსაკუთრებით სახიფათოა როდესაც ასეთ წესებს ვამკვიდრებთ, როცა იკითხება რომელიმე მოწმე, ვინც არ უნდა იყოს პროკურორი გამომძიებელი, პოლიციელი, კუპრავა და ა.შ. როცა ერთი კითხავს და კომისიის სხვა წევრები დუმილის უფლებით სარგებლობენ - მე მსგავსი რამ არ გამიგია. ეს არის უპატივცემულობა კომისიის იმ წევრების, რომლებსაც თანაბარი უფლებები აქვთ. არსად არ წერია ასეთი წესები, რასაც თქვენ ადგენთ აქ. კომისიის წევრებსაც და თავმჯდომარესაც აქვთ თანაბარი უფლებები. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ხდება რაიმე ტიპის დარღვევა ან გადაცდომა, კომისიის სხვა წევრმა შეიძლება მიუთითოს. მინდა მოისმინოს საზოგადოებამ, რომ კომისიის უმრავლესობა სამწუხაროდ არც კანონს სცემს პატივს და არც იმ წესებს, რომლითაც საგამოძიებო კომისია უნდა ხელმძღვანელობდეს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა კომისიის თავმჯდომარეს მიმართა და განცხადა:
„ბატონო სერგი, პირადად თქვენ, გუშინ დაიწყეთ კუპრავას ადვოკატირება. მე მას ვკითხე იყო თუ არა იურისტი- მითხრა ვარ იურისტიო. ვკითხე იყო თუ არა სისხლის სამართლის სპეციალისტი- მითხრა ვარო. შემდგომ ვკითხე, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თქვენს ხელთ არსებული მოკვლევით, ხომ აწარმოებდით მოკვლევას და გამოძიებას-მეთქი - მითხრა კი, ვაწარმოებდიო. ამ ყველაფრის საფუძველზე მიეცით კონკრეტულ საკითხს შეფასება-მეთქი. აქ ამ დროს თქვენ დაიწყეთ იმის გამართლება, რომ მას შეუძლია თურმე ასეთი შეფასებები არ გააკეთოს. დაიწყეთ მისი ადვოკატირება და დღეს რა გააკეთეთ თქვენ და თქვენმა კოლეგებმა: ასევე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, რომელსაც უნდა ჰქონდეს იურიდიული კვალიფიკაცია, დაუწყეთ შეფასებების გაკეთება გამომძიებელს, რომელსაც პირველ რიგში კი არ ეკისრება შეფასებები, ეს ეკისრება პროკურატურას. კუპრავას შემთხვევაში, რომელიც ასევე იურისტია და სისხლის სამართლის სპეციალისტია, მას დაუწყეთ ადვოკატირება, რაზეც მე გუშინ მითხარით, რომ არასწორიაო. თქვენ დღეს ეს გააკეთეთ. ამ ყველაფრის საფუძველზე კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ, მიდგომა იყოს ერთი. თუ ჩვენ ვთხოვთ პასუხებს, უნდა მოვითხოვოთ პასუხები, მათ შორის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეფასებაც უნდა მოვთხოვოთ“,-აღნიშნა ოხანაშვილმა.
18-12-2024