გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი პროფესიების მაგისტრანტი სტუდენტებისთვის “მწვანე სტიპენდიების” პროგრამა შემუშავდა

26-07-2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მოაწერეს.
„ხელი მოეწერა მემორანდუმს სამინისტროებს შორის, ასევე რვა უნივერსიტეტსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის, რაც არის ახალი პლატფორმა. ჩვენ ერთობლივი ძალებით შევუწყობთ ხელს გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე, გვემატება ახალი კომპონენტი „მწვანე სტიპენდიების“ რომელიც წაახალისებს სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს,“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გარემოსმცოდნეობის, ეკოლოგიის, ბუნებრივი გარემოსა და ველური ბუნების, ბუნებათსარგებლობის, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის, გარემოს დაცვის ტექნოლოგიის, აგრონომიის, საბაღო-საპარკო მეურნეობის, მეტყევეობის, ვეტერინარიის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებებით. მემორანდუმი ხელს შეუწყობს აღნიშნულ პროგრამებზე წარჩინებული სტუდენტების წახალისებას „მწვანე სტიპენდიების“ სახით და სტაჟირების გავლას შესაბამის უწყებებში.
მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სპეციალისტების ჩართულობის მაქსიმალურად წასახალისებლად უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კვლევითი კომპონენტის განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულების მაგისტრანტი სტუდენტების წახალისებას.
„მწვანე სტიპენდიების“ პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მემორანდუმები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტს შორის გააფორმა.
მწვანე სტიპენდიების პროგრამა განხორციელდება UNDP/GCF პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930